Daredevil – სიმართლე და სიბრმავე

1

სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში ჩაბმული გმირის ყურება, რომელიც გამორჩეული სუპერძალებით არ სარგებლობს, ბევრად ამაღელვებელი და საინტერესო  შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა, გაცილებით მასშტაბური და ეპიკური სუპერგმირის ისტორია.  Daredevil-ის უპირატესობად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ბრმაა და მაინც ხედავს –  გაძლიერებული სმენის მეშვეობით რეალობის რეპროდუქციას ახდენს გონებაში. მისი ეს უნარი სცილდება უსინათლობის დაბალანსებას, მაგრამ არა იმდენად, რომ  სხვა, პრაქტიკულად სრულყოფილი გმირებისგან განსხვავებით, დაუმარცხებელი გახადოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაცემი მეტ მერდოკის ფეხზე წამოდგომის უკვე აღარ გჯერა –  უბრალოდ იცი რომ წამოდგება, რადგან წინ კიდევ სერიებია.

მნიშვნელოვანია, რომ მეტ მერდოკი დღისით იურისტია და ღამით ვიჯილანტი, ანუ ერთმანეთისგან ასხვავებს სამართალსა და სამართლიანობას. იქ სადაც სამართალი ლეგალისტური კუთხით აღარ ამართლებს, მერდოკი სართლიანობის სახელით მოქმედებს, თვითონაც არღვევს კანონს და თავის გადაცდომას უკიდურესი აუცილებლობით ხსნის.  ბუნებრივია, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ერთმა ადამიანმა, სუბიექტური დამოკიდებულებების ფონზე, ფონზე რომელსაც მისი ცხოვრებისეული კონსტრუქტი ქმნის, სხვების მაგივრად გადაწყვიტოს რა არის სამართლიანი.

გასაკვირი არ არის წითელი ეშმაკის მსგავსება ‘Lady Justice’ – სთან, რომელსაც თვალები აქვს ახვეული, ერთ ხელში სასწორი უჭირავს, ხოლო მეორეში –  ხმალი, რომ დასაჯოს დამნაშავე  და მეორე მხრივ შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს  არსებულ წესრიგში სამართალი ყველანაირი შერჩევითობის გარეშე იპოვონ.  იმავეს გამეორებას ცდილობს აგრეთვე ‘თვალახვეული’ მერდოკი იურისტობისა და ვიჯილანტობის შეთავსებით.

lady-justice

საინტერესოა, რომ გმირისა და მისი ანტაგონისტების დაპირისპირება არ სცილდება „ჰელს ქიჩენს“ და ნარატივი ამ ვიწრო, მითოლოგიური სივრცით შემოიფარგლება. მასშტაბურობა თავისთავად უამრავ დეტალს გააქრობდა და ამბავს ზედაპირულად წარმოაჩენდა.  ‘ჰელს ქიჩენი’ სერიალში ფაქტობრივად პერსონაჟის როლს ასრულებს და ზემოთ ხსენებული დაპირისპირების მიზეზიც ხდება, რადგან Daredevil-ისა და უილსონ ფისკის მასთან მიმართება განსხვავებულია: წითელ ეშმაკს მისი გადარჩენა  და დაცვა სურს, ხოლო ფისკს მისი ხელში ჩაგდებისა და განვითარების თავისებური ხედვა აქვს.  ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ქალის მიმართ სტერეოტიპულად მცდარ დამოკიდებულებას: ის უნდა მოიპოვო, შეინარჩუნო, დაიცვა, მუდმივად აკონტროლო და ა.შ. სერიალში სივრცე წარმოგვიდგება ორ მეტოქეს შორის დაპირისსპირებისა და, შემდგომ, უპირატესობის გამოვლინების საშუალებად. ანუ ქალაქის სივრცე აქ ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ქალის პესონაჟი სასიყვარულო სამკუთხედების ნარატივებში –  სადაც ნებისმიერი მხარის გამარჯვება ქალის დამორჩილებას გულისხმობს მისი სურვილების უგულვებელყოფით.  შეკითხვა, თუ ვისია ქალაქი, არა ქალაქზე ზრუნვას გულისხმობს, არამედ პირადი უპირატესობის წარმოჩენას, რომელიც მასზე გაბატონებით დასტურდება. მეორე სეზონში სწორედ ამ კუთხით აკრიტიკებს Daredevil-ს, და, იმპლიციტურად, ვილსონ ფისკის აროგანტულ მიდგომას, მკვდრეთით აღმდგარი ნობუ, როდესაც ის ამტკიცებს, რომ ‘ეს ქალაქი არავისია.’ სხვა სიტყვებით, ნობუსთვის ქალაქს არც განვითარების და არც გადარჩენის ‘ბატონი’ სჭირდება. ეს მეტ მერდოკის ანტიგმირობაზეც მიგვითითებს. მაგრამ რამდენად ერგება მას ანტიგმირის როლი?

ფისკსა და Daredevil-ს შორის დაპირისპირება კანონიერი მეთოდებით იწყება და გრძელდება ქუჩაში, სადაც იგებს ბრძოლას იგებს „თავზეხელაღებული“, მაგრამ ბოლომდე მიჰყავს მეტ მერდოკს, რომელიც ბოროტმოქმედს სისტემას უბრუნებს გასასამართლებლად.

4

პირველ სეზონში მოპოვებულ დროებით გამარჯვებას მეორე სეზონი ‘თავზეხელაღებულის’ უბრალო ქურდებთან დაპირისპირებით აგრძელებს, რომლებსაც Daredevil-ი იოლად უმკლავდება და, შედეგად, სახეზე კმაყოფილებას ვერ მალავს, რადგან სჯერა, რომ მისი ქმედება მისსავე საბოლოო მიზანთან პირდაპირ კავშირშია და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მომდევნო ნაბიჯი გადადგა.

5

თვითკმაყოფილებას ‘გმირებში’ წინ უსწრებს აზრი, რომ რასაც ისინი აკეთებენ, აუცილებლობითაა გამოწვეული, ანუ სხვა გზა არ არსებობს. შესაბამისად ამას მოჰყვება მორალის უკანა პლანზე გადასროლა ან მისი საერთოდ უგულვებელყოფა, რადგან ყურადღების ცენტრში ბრძოლის ხაზი ექცევა და სხვა დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს. მსგავსი ფაქტები მაყურებლისთვისაც ძნელად შესამჩნევი ხდება, რადგან ეპიცენტრი სხვაგან გადაიტანეს და აღარავის აინტერესებს გმირის მორალური ღერძი. იგივეს ვხედავთ ბრაიან სინგერის სუპერმენის შემთხვევაში, სადაც სუპერმენი ლუის ლეინის ოჯახს ღამ-ღამობით უთვალთვალებს და არავინ იმჩნევს რომ სხვისი პირადი ცხოვრების თვალთვალი ამორალურია.

Screen Shot 2016-03-31 at 7.22.38 PM

მეორე სეზონში ფოგი ნელსონის სახით სერიალის შემქმნელებს თითქოს გასხვავებული აზრის შემოტანა სურთ, მაგრამ აქაც მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ პოლიცია უნდა  აკეთებდეს და გააკეთებს იმას, რასაც მერდოკი აკეთებს და ამიტომ ეს უკანასკნელი დროა გაჩერდეს – უკვე საკმარისად გარისკა. რეალური პრობლემა კი, ‘თავზეხელაღებულის’ შემთხვევაში,  არის ტყუილი, რომელსაც იგი საზოგადეობას აწვდის და ამ ტყუილს  საზოგადოებიასვე კეთილდღეობით ხსნის.

აქ ჩნდება კითხვა თუ რამდენად შეესაბამება გმირის ქმედებები მიზანს და რეალურად რა მოაქვს მის მოღვაწეობას.  დავიწყოთ იმით, რომ მას არ აინტერესებს უსამართლობის  წარმოშობის წყარო –  მიზეზი, რომლის აღმოფხვრამაც უსამართლობის პრევენცია უნდა მოახდინოს. მეტ მერდოკი დანაშაულს როგორც სისტემიდან ამოვარდნად მიიჩნევს და არა ამ სისტემის შინაგან ელემენტად, რომელსაც უსამართლო წესრიგი თავადვე წარმოშობს. ზედაპირზე ამოტივტივებული შედეგების ჩამოშორებით, პირიქით, ‘თავზეხელაღებული’ უსამართლო და გაუმართავი სისტემის ფუნქციონირებას ხელს უწყობს, სისტემისა, რომელიც სოციალური უთანასწორობის საფუძველზე კვლავაწარმოებს იმ უსამართლობას, რომელზეც თავზეხელაღებული პასუხისმგებლობას ინდივიდებს აკისრებს.  ინდივიდთა მოცილებით კი მერდოკი ‘სამართლიანობას’ ამკვიდრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემის მიერ წარმოშობილ უსამართლობას, რომელსაც სისტემა თავად ვერ უმკლავდება, ის გარედან ეხმარება.  მნიშვნელოვანია ფრაზა მეორე სეზონიდან, სადაც ‘თავზეხელაღებულის’ მორიგი ‘გმირობის’ ავტორობას უბრალო პოლიციელს გადასცემს და ეუბნება:  “ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სისტემა მუშაობს”.

6

იგივე ხდება ნოლანის ‘ბეტმენის’ ტრილოგიაში, სადაც ხალხისთვის ტყუილი ‘უკეთესია’ და ხოლო ჰარვი დენტი – გმირი.  ბრუს ვეინი და გორდონი გადაწყვეტილებას გოთემის მოსახლეობის ნაცვლად იღებენ და, გორდონი, მცდელობათა მიუხედავად, სიმართლის თქმას მაინც ვერ ახერხებს, რადგან სჯერა (ან თავს იტყუებს), რომ მის ამორალურ საქციელს გამართლება აქვს და ამით იმავე  წრეზე ტრიალებს, რამაც ტყუილის ‘აუცილებლობა’ წარმოშვა. არსებული წესრიგი ამ ტყუილის წყალობით ნარჩუნდება, რადგან ხალხს სწორედ მის გამო სჯერა, რომ წესრიგი ფუნქციონირებს და, შესაბამისად, შეუქცევადად წარმოშობს ჰარვი დენტებსა და ჯოკერებს.

იკვეთება ორი პრობლემა რომელთაც ‘წითელი ეშმაკი’ განასხეულებს და რომლებიც სრულიად შეუთავსებელია სამართლიანობის იდეასთან.

1) ‘თავზეხელაღებული’ ცდილობს, ხალხი მოატყუოს და დაარწმუნოს, რომ სისტემა გამართული და სამართლიანია. ის სხვების მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდნენ და რა – არა ჩვეულებრივმა ადამიანებმა რჩეულთაგან გასნხვავებით.  მისი ამორალური საქციელს ნავარაუდევი აუცილებლობა ნიღბავს.

2) მეტ მერდოკი უსამართლობას გამონაკლისად აღიქვამს და პასუხისმგებლობას ძალაუფლების წყაროს ნაცვლად ინდივიდებს აკისრებს.

ამ ილეთების მეშვეობით Daredevil-ი არა მარტო უსამართლობის წარმომშობ სისტემას უწყობს ხელს, არამედ ხალხსაც ართმევს შესაძლებლობას, თავად იბრძოლონ რეალური სამართლიანობისთვის, რადგან ყველაფერს აკეთებს იმისათვის,  რომ დაგვარწმუნოს სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში.

რასაკვირველია, მისი ქმედებებები ილუზორულია და სამართლიანობის სახელით უსამართლო სისტემის კვლავწარმოებას უწყობს ხელს.   რამდენიმე დამნაშავის დაჭერა და სასამართლოსთვის გადაცემა გმირის სისტემასთან დაპირისპირების საკმარის საფუძველს ვერ შეამზადებდა. ასე რომ ყოფილიყო, მას ძალაუფლების წყაროს წინააღმდეგ წასვლა მოუწევდა, ძალაუფლებისა, რომელსაც პირდაპირ ეკისერება პასუხისმგებლობა უსამართლობის გამომწვევ მიზეზებზე.  ბუნებრივია, ამ შემთხვევაში Daredevil-ი მსხვერპლს ვერ დაადანაშაულებდა.   სხვა საკითხია რამდენად შესაძლებელია, ერთ ადამიანს პირადად მოსთხოვო საერთო პასუხისმგებლობის ხელში აღება და ფაქტობრივად განწირულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ასეთი მოთხოვნა, რასაკვირვეილია არარეალური  იქნებოდა,  მაგრამ ეს განწირულობაც კი არ ამართლებს გმირის მიერ საზოგადოების ილუზიებით გამოკვებას.

‘თავზეხელაღებულის’ სამართლიანობის იდეასთან დასაპირისპირებლად მეორე სეზონში Punisher-ი შემოდის, რომლის ქმედებების მთავარი ლოკომოტივი მისი დახოცილი ოჯახის წევრები არიან.

7

ის ბოროტმოქმედებს მეორე შანსს არ აძლევს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს და სანამ უკანსაკნელი სამიზნე მაინც ცოცხალია, არ ჩერდება. ბუნებრივია, ისიც სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ  ვინ უშლის სამართლიანობას ხელს და ვინ იმსახურებს დასჯას.  მისი და ‘თავზეხელაღებულის’ დიალოგებიც განსხვავებულ მეთოდების მართებულობა-არამართებულობას ეხებიან, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ Punisher-ს ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე და სისტემას ‘დამნაშავეს’ უკან არ უბრუნებს, ისიც არ ითვალისწინებს “დანაშაულის” წარმოშობის წყაროს და, ‘თავზეხელაღებულის’ მსგავსად, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის დისფუნქციურობა მას გააზრებული აქვს, გამოსავლად მის წინააღმდეგ წასვლა კი არა, მისი  უსამართლო  შედეგების ლიკვიდაცია ესახება.  სხვაგვარად Punisher-ი პრობლემას არა მის სათავეში, არამედ მისი ვერგამკლავებაში ხედავს. მაგრამ, Punusher-სა და ‘თავზეხელაღებულს’ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც იკვეთება: Punisher-ის ყოველი ქმედება  ცხადყოფს, რომ სისტემა გაუმართავია და არ ნიღბავს მის დისფუნქციურობას. მისი ყოველი ბრუტალური ქმედება, მიუხედავად იმისა რომ არა თავად წესრიგის, არამედ თვითნებურად შერჩეული ბოროტმოქმედების დასჯაზეა ორიენტირებული, სისტემის შესახებ დაფარულ სიმართლეს მაინც ააშკარავებს.

შოუს შემქმნელებს სამართლიანობის იდეაზე Punisher-ისა და ‘თავზეხელაღებულის’ შეხედულებათა შეპირისპირებით ამ უკანასკნელის მორალურ სუბიექტად წარმოჩენა სურდათ, მაგრამ, საბოლოოდ, პირიქით გამოუვიდათ. მორალური ვერ იქნება გმირი, რომელიც სამართლიანობის სახელით სიმართლეს მალავს, რითაც გაუმართავ, უსამართლო წესრიგს შეუფერხებელ ფუნქციონირებაში უწყობს ხელს.

(Visited 308 times, 1 visits today)

რატი მაღლაფერიძე