ბეტმენი: ლატენტური ჰომოსექსუალობის მეტაფორა


CUhv9NVUEAA4CDD

ბეტმენი გეია. პირველად ეს იდეა ჩემ ერთ ბეტმენის ფანატიკოს ახლობელს რომ გავუმხილე, სახე მოეჭმუხნა და ბეტმენის მითოლოგიის ზედაპირული ლოგიკით დამიპირისპირდა: როგორ შეიძლება ბეტმენი გეი იყოს, როცა ის ჰეტერო პერსონაჟად არის შექმნილი და მისი პირადი ცხოვრების სიუჟეტებში მხოლოდ ქალებთან ურთიერთობას ვხედავთ?

რასაკვირველია, ფიქციური პერსონაჟის ‘ნამდვილ’ სექსუალობაზე დავას არ ვაპირებ. მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ ბეტმენის მეტაფორული წაკითხვა, სადაც შევეცდები მისი ფარული, ანუ ლატენტური, ჰომოსექსუალობა მის ღრმად კონსერვატიულ იდეოლოგიას დავუკავშირო. ბეტმენი მარტო გეი კი არა, კონსერვატორი გეია.

სანამ გეობისა და კონსერვატიზმის დაკავშირებით ბეტმენის ქვიარ წაკითხვაში ჩემს მცირე სიახლეს შევიტანდი, აუცილებლად უნდა ვახსენო რომ ეს ახალი იდეა არ არის. ის, რომ ბეტმენის გეობა მისი ნარატივის საფუძველშივეა ჩაშენებული – უმნიშვნელოა, მისი შემქმნელების, ბობ კეინის და ბილ ფინგერის, განზრახვით თუ არა – უკვე არაერთმა მკითხველმა და მწერალმა შენიშნა. მაგალითად, „Batman, Incorporated“-ის ავტორი, გრანტ მორისონი, ამტკიცებს რომ “გეობა ჩაშენებულია ბეტმენში… ის ძალიან, ძალიან გეია. ამას ვერ უარყოფ. რა თქმა უნდა, როგორც ფიქციური პერსონაჟი, ის ჰეტეროსექსუალადაა ჩაფიქრებული მაგრამ მისი კონცეპტუალური ბაზა სრულიად გეია”; ფრენკ მილერიც, ბეტმენის ყველაზე აღიარებული მწერალი, ამ პერსონაჟში ჰომოეროტიზმს ხედავს. ანუ, არის რაღაც ბეტმენში, რაც ქვიარ წაკითხვისკენ გვიბიძგებს. მაგრამ როგორია ეს წაკითხვა? ჩემთვის, პირველ რიგში, ეს ლატენტურობას უკავშირდება.

რისგან შედგება ბრუს ვეინის ცხოვრება? რას და როგორ მალავს ის საზოგადოების მზერისგან? ვეინი „ხალასტიაკია“. ის მოხუც კაცთან, ალფრედთან და ახალგაზრდა პროტეჟესთან, დიკ გრეისონთან, ცხოვრობს, რომლებიც მისი ტყავ-რეზინა-ელასტიკების კოსტუმებიანი ღამის თავგადასავლების განუყოფელი ნაწილები არიან. სტრუქტურული თვალსაზრისით, მისი „ღამურა“ მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმის ანალოგად, რასაც ფარდულში მალავენ – ანუ ბეტმენი ვეინის აკრძალული სექსუალობის მანიფესტაციად შეგვიძლია წავიკითხოთ. ასეთ ხედვას აძლიერებს ვეინის საჯარო, დღის, ქცევაც. ის აგრესიულად თამაშობს ჰეტერონორმატიულობას. მისი საჯარო სასიყვარულო ამბები და ხელებზე ჩამოკიდებული „ნაშები“ ფართო საზოგადოებისათვის განზრახ დადგმული თეატრია.
batmanbrucefab
ცხადია, ბეტმენის ზედაპირულ ნარატივში ეს ის „უპასუხისმგებლო“ საქციელია რითაც ვეინი ბეტმენს იცავს. მაგრამ თუ ბეტმენს წავიკითხავთ როგორც გეობას, მაშინ ქალებს ამოფარებული ვეინი კლასიკური რეპრესირებული გეი კაცის ილეთს მიმართავს, სადაც ქალების „სიყვარული“ საჯარო ტყუილია, რომლის უკან კერძო სინამდვილე იმალება.

კი, კომიქსებსა და უამრავ სხვა ფორმატში ბეტმენს ჰყავს ქალი სასიყვარულო ობიექტები, მაგრამ მას არასდროს ჰყოლია ლუის ლეინი – პერსონაჟი, რომელიც მას საკუთარ ჰეტერონორმატიულობას სუპერმენივით გაუნაღდებდა. ვიკი ვეილი, რეიჩელ დოუსი და მისი შვილის დედაც კი, ტალია ალგული, ბეტმენისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დროებით „გადახვევებს“ წარმოადგენენ. ხოლო ისეთი ქალები როგორებიც ქეთვუმენი და პოიზონ აივი არიან, მის სამყაროში ანტაგონისტებად გვევლინებიან – ისეთ ანტაგონისტებად, რომლებიც ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით მისი მოხიბლვა, რადგან ბეტმენი ანტი-ქალური, ჰომოეროტიკული არსებაა. ხოლო ქალების მიმართ მისი იშვიათი ინტერესი ნარატივის ზედაპირზეც კი ფარსია.
latest

ცოტა ხანში შევეცდები პირდაპირ დავუკავშირო ეს ტყუილი და ბეტმენის საზოგადოების მიმართ ამპარტავნული სიძულვილი მის კონსერვატიზმს, მაგრამ მანამდე დავუბრუნდები ლატენტურ ჰომოსექსუალობას და იმ გარდაუვალ ფაქტს, რომ რეპრესიულ სოციუმში ყოველთვის მოიძენებიან ადამიანები, ვინც ფარდულში შეკეტილი ინდივიდის ჰეტეროსექსუალური ფასადის მიღმა ხედავენ. ბეტმენისთვის ასეთი ადამიანი ჯოკერია.

თუ ბეტმენი ვეინის ფარდულში მოქცეული ლატენტური გეობაა, მაშინ ჯოკერი ღიად ქვიარი, „out and proud“ სექსუალობაა. ჯოკერი არ მალავს იმას რაც არის, მას არ აქვს ნიღაბი, რომლის უკანაც თავის ნამდვილ სახეს საჯაროდ დამალავდა. ის ფერადი, თავისუფალი და, ამავე დროს, სრულიად რეალიზებული პერსონაჟია. ბეტმენთან ჯოკერის ჭიდილის არსი კი სწორედ ისაა, რომ ბეტმენს საკუთარ თავთან მსგავსება დაანახოს. ჯოკერი ბეტმენის ანარეკლია და სწორედ ამიტომ წუხს ამ უკანასკნელის ლატენტურობაზე, იმ ერთადერთ ასპექტზე, რომელიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებთ. გროტესკული ჟესტებით ჯოკერი ბეტმენს იმ კონსერვატული, არათავისუფალი, საზოგადოებისგან ემანსიპაციისაკენ მოუწოდებს, რომელიც მას ფარდულში ამწყვდევს და რომლის დამცველადაც ბეტმენი მოიაზრებს თავს.
jokerlaughingfish1
დაახლოებით იმავე შინაარსის დაპირისპირებას ვაწყდებით მარველის მედიტაციაში განსხვავებულობისა და განსხვავებული სექსუალობის შესახებ – X-Men-ის კომიქსებში. აქაც სუპერგმირები წარმოადგენენ გასხვავებულობის სიმბოლოებს და მარტივად შეგვიძლია მათი წაკითხვა, როგორც ქვიარ თემისა, ჰომოფობიურ და ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში. ხოლო ორი მთავარი გმირის, მაგნიტოსა და ჩარლზ ექსავიერის დებატები სწორედაც რომ ქვიარ თემის განსხვავებულ მიდგომებს განასახიერებს. ექსავიერი ჰეგემონურ სისტემას იცავს და მისი გარდაქმნის იმედს ინარჩუნებს, ხოლო მაგნიტო ვითომდა უიმედო რევოლუციურ ხაზს მიჰყვება, სადაც ჰეტერონორმატიული ჰეგემონიის ტრასფორმირება შეუძლებელია და რჩება მხოლოდ მასთან დაპირისპირების შესაძლებლობა.
Patrick-Stewart-Professor-X-Ian-McKellen-Magneto-X-Men-Chess
ამაში X-Men ბეტმენს ჰგავს. მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება აქ ის არის, რომ X-Men-ში სუპერგმირები თავად არიან გარიყულები, ჩაგრულები, და არა აღმატებული არსებები. საბოლოო ჯამში კი ექსავიერიც და მაგნიტოც, მიუხედავად მათი განსხვავებული მიდგომებისა, მათი ემანსიპაციისთვის იბრძვიან. X-Men-ში ჩვენ ვერ ვხედავთ ინტერნალიზებულ რეპრესიულ კონსერვატიზმს, რომელიც ლატენტურობას აქეზებს. ბეტმენში კი ვხედავთ პერსონაჟს, რომელსაც არ სურს ემანსიპაცია თავისი მსხვერპლობისგან (და არც მისი პირველადი, მშობლების დაკარგვის, ტრავმისაგან, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ჰეტეროსექსუალობის დაკარგვის ტრავმა, განსაკუთრებით იმ ნარატივებში, სადაც ჯოკერია ბეტმენის მშობლების მკვლელი – ტრავმა, რომელიც ბეტმენს ჯოკერში განსხეულებულ საკუთარ სექსუალობასთან დაპირისპირებას აიძულებს) და პირიქით, მიესალმება მას. სწორედ ასეთ მიდგომაში ვხედავ ბეტმენის იდეოლოგიურ კონსერვატიზმს, თუმცა ის ამით არ შემოიფარგლება და მის ქმედებებშიც გადადის.

მაგალითისთვის, გავიხსენოთ კრისტოფერ ნოლანის ბეტმენი, ტრილოგია სადაც ვივიწყებთ ჰომოეროტიზმს, განსაკუთრებით ჯოელ შუმახერის ოთხი წინამორბედი ფილმის ფონზე. ის კონსერვატიზმი რომელიც ბეტმენის ადრინდელ ვერსიებში ფარულ სექსუალურობას უკავშირდებოდა, ნოლანთან პოლიტიკურ ელფერს იძენს. ამის ორი მკაფიო მაგალითი მახსენდება: პირველი, ის, რომ მესამე ფილმში ბეინის მიერ დაპყრობილი გოთემი და მის მიერ დამყარებული წესრიგი მემარცხენე პოპულისტური მოძრაობა Occupy Wall Street-ის მკაფიო ალუზიად და მის კრიტიკად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. აქ რევოლუციური იმპულსი უსამართლოდ და უპერსპექტივოდაა დასახული და მის ერთადერთ ალტერნატივად მილიარდერი კეთილმოსურნის თავგანწირული ქმედება გვევლინება.
maxresdefault
მეორე – და ეს პირადად ჩემთვის ყველაზე გულისამრევი მაგალითია – ჰარვი დენტის სიკვდილის შემდეგ, ბეტმენი გოთემის მოსახლეების ნაცვლად აკეთებს არჩევანს რათა ჩვეულებრივ, „მოკვდავ მოქალაქეებს“ არ დაანახოს, რომ მათი თეთრი რაინდი გაშავდა. ბოროტების წყაროს დასამალად ბეტმენი ირჩევს ტყუილს, რაც მის მოწამეობრივ „გმირობას“, ბოროტების საკუთარ თავზე აღებას, უმზადებს საფუძველს. მისივე სიტყვებით, ბეტმენი ამას იმისთვის აკეთებს, რომ „სისტემა უნდა შენარჩუნდეს.“ ის ჩვეულებრივი, ელიტისტი, აღმატებული კონსერვატორია. ეს კი, როგორც ვიცით, კრისტოფერ ნოლანის პირად პოლიტიკურ შეხედულებებში მშვენივრად ჯდება.
dark_knight_35_end_2h18min34
მაგრამ ბეტმენი ყოველთვის ასეთი კონსერვატორი არ იყო. როგორც ზემოთ ვახსენე, მან ცხოვრება სექსუალური კონსერვატიზმისა და რეპრესიული სოცუმის წნეხის ქვეშ დაიწყო. ორმოციანი წლების დასაწყისში, როცა ამერიკულ კულტურაში ჰომოსექსუალობაზე ღიად საუბარი შეუძლებელი იყო, ლიტერატურის სხვადასხვა ფორმებისთვის მინც რჩებოდა ის კულტურული ნიშნები, რომლებიც გეობასთან ასოცირდებოდა. თუ შერლოკ ჰოლმსი ბეტმენის პროტოტიპი იყო (რაც მართლაც ასეა), მაშინ მას სჭირდებოდა მისი ვოტსონი – ფუნქცია რომელიც ახალგაზრდა რობინმა შეასრულა. (აღსანიშნავია, რომ ჰომოეროტიკული დაძაბულობის ბრალდება არც ჰოლმსსა და ვოტსონს აცდენიათ ლიტერატორებისაგან.) რობინის გამოჩენიდან მხოლოდ რამდენიმე წლის მერე მისი ურთიერთობა ბეტმენთან ფსიქოლოგ ფრედერიკ ვერთჰამის ცნობილი წიგნის, „უმანკოთა ცდუნების“, ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
6759700_1
ვერთჰამი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ სექსუალობის ფსიქოპათოლოგიის უვიცი ადამიანი თუ ვერ შეამჩნევდა ჰომოეროტიზმის ატმოსფეროს ბეტმენის კომიქსებში. მას თავისი ჰომოსექსუალი პაციენტების მაგალითებიც მოჰყავდა, რომლებიც რობინთან ახდენდნენ იდენტიფიცირებას და ბეტმენთან ურთიერთობაზე ოცნებობდნენ. 1950-იან წლებში ვერთჰამის წიგნი ამერიკული სენატის მიერ უმცირესობის დევნის მორიგ საბაბად იყო გამოყენებული. მაგრამ, მიუხედავად აბსურდული ცენზურის დაწესების სურვილისა და მახინჯი პოლიტიკური მანევრირებისა, ვერთჰამის თვალსაზრისში სიმართლის მარცვალი ნამდვილად მოიპოვებოდა: ბეტმენის ნარატივი შემთხვევით არ ქცეულა მაშინდელი გეი სუბკულტურის ინდენტიფიკაციის საგნად.

სწორედ ამას მოჰყვა ბეტმენის უამრავი ვერსია, სადაც მისი, როგორც გეობის მეტაფორის საკითხი სხვადასხვა დონეზე წარმოჩინდა. 60-იან წლებში ბეტმენის ლატენტური გეობა – ადამ ვესტის სერიალის სახით – კიტჩის ფორმას შეერწყა, 80-იან წლებში კი სწორედ ასეთ კიტჩურობას უპასუხა ტიმ ბერტონმა ბეტმენის შავი ვერსიით, რომელიც ისეთი ჩრდილებით იყო სავსე, სადაც ბეტმენი მარტივად დაიმალებოდა.
Batman-1966-06-600x325
(თუმცა, ჩემი აზრით, ვერც მაიკლ კიტონის მიერ განსახიერებულ დახვეწილ ვეინს წარმოვიდგენთ მაჩოისტური ჰეტეროსექსუალობის ავატარად.) ბერტონის ვერსიას პირდაპირ უპასუხა ჯოელ შუმახერის 90-იანი წლების ბეტმენმა, სადაც არა მხოლოდ ბეტმენის ლატენტურობას მიანათეს კაშკაშა შუქი, არამედ ის პრაქტიკულად ფარდულიდან გამოათრიეს. შუმახერმა ბეტმენი დაუბრუნა ჰომოსექსუალობას. ცხადია, არა იმით, რომ პერსონაჟს სექსუალური ორიენტაცია ექსპლიციტურად შეუცვალა, არამედ იმით, რომ მან ჰომოსექსუალობა ისეთ ჰიპერგამჭვირვალე ნიშნებს დაუკავშირა, რომ პრაქტიკულად მოშალა ლატენტურობის „პრობლემა“. ვინ შეიძლება შეხედოს ჯორჯ კლუნის აბჯარზე მკაფიოდ გამოკვეთილ კერტებს ან მის უბის საფარველს და არ გაუჩნდეს კითხვვები იმის შესახებ, თუ რა იმალება ამ ნიშნების უკან?
640
ჩემი აზრით, ასეთი მცდელობა დასაფასებელია, მაგრამ შუმახერის ფილმებზე ნეგატიური რეაქცია ნაწილობრივ იმაზეც იყო დამოკიდებული, რომ ის „ზედმეტად ცხადად“ მიანიშნებდა ბეტმენის სიმბოლურ ჰომოსექსუალობაზე, რითაც პერსონაჟსა და ნარატივს რეპრესიული საზოგადოებისთვის ერთ- ერთ ყველაზე საყვარელ ელემენტს, ლატენტურობას, ართმევდა. ასეთი ცხადი ქვიარ შეტევისგან „გამოხსნა“ 2000-იანების ჰორიზონტის მიღმა იმალებოდა, ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორისა და ცნობილი მაჩო მსახიობის (კრისტოფერ ნოლანის და კრისტიან ბეილის) სახით, რომლებმაც ბეტმენტი ისეთი აბსურდულად ბოხი ხმით აალაპარაკეს, რომ თითქოს მის სექსუალობასთან დაკავშირებით ყველა კითხვის მოხსნა სურდათ. თუ შუმახერი ცხადი იყო, ნოლანმა ჰომოსექსუალობის ‘პრობელმა’ კი არა, საერთოდ ლატენტურობის იდეას კი მიჩქმალა, რაც ბეტმენთან დაკავშირებულ, ბევრად უფრო სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემას მახსენებს.

2016 წლის ივნისში, ორლანდოს გეი-კლუბში, ბარის ხშირმა სტუმარმა, აშკარად ლატენტურმა ჰომოსექსუალმა და ცოლზე მოძალადემ მასშტაბურ თავდასხმაში 49 ადამიანი იმსხვერპლა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ ტრაგედიაზე ამერიკული საზოგადოების რეაქცია. ძირითადი აქცენტი მოძალადის ისლამურ სახელმწიფოსთან მიკუთვნებულობაზე კეთდებოდა. ჰილარი კლინტონმა ეს მოვლენა წინასაარჩევნო კამპანიაში დაწინაურებისთვის გამოიყენა და დემოკრატიული პარტიის უახლეს ისტორიაში პირველად იხმარა ტერმინი „რადიკალური ისლამი“. ასეთმა რეაქციამ მთლიანად მიჩქმალა მოძალადის ლატენტური სექსუალობა და ჰომოფობიური შფოთვა, რომელიც, ჩემი აზრით, ტრაგედიის საფუძველშია. მაგრამ ის იდეაც, რომ მოძალადეს თავისი თავი ეზიზღებოდა და, ძალადობის მეშვეობით, საკუთარ სექსუალობას უპირისპირდებოდა, ჩვენი კომფორტის გაძლიერებისკენ მიმართულ ნარატივად მეჩვენება – კონსერვატულ ნარატივად, რომელიც ინდივიდის ნებას აგენტურობის უმაღლეს ინსტანციად გვისახავს. სინამდვილეში, საქმე არც მხოლოდ ერთი ადამიანის ნებასთან, არც მისი ლატენტურობიდან გამომდინარე ჰომოფობიასთან გვაქვს. საჭიროა თვალი გავუსწოროთ იმ სოციალურ სტრუქტურებს, რომლებიც, ნაწილობრივ, ამგვარი ძალადობის წინაპირობებს, ანუ, ფარდულებს, ქმნიან. ორლანდოს ლატენტური ჰომოსექსუალი მკვლელი კონსერვატიულმა საზოგადოებამ გამოკეტა ფარდულში, ისევე, როგორც ბეტმენი, იმისთვის, რომ ფარდულებში ჭვრეტის იაფფასიანი ლტოლვა დაგვიკმაყოფილოს. ვიმედოვნოთ, რომ ამგვარი ვუაიერიზმი და ლატენტურობის ნარატივები გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებად მიმზიდველი გახდება, მაშინ, როცა ყველა შეძლებს, იგრძნოს თავი თავისუფლად, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში იყოს ის, ვინც არის.
saythatagaindick


(Visited 2,473 times, 1 visits today)

შოთა პაპავა