ჩვენ ვეღარ ვგულაობთ

0c6b9406ce0a
პარასკევი საღამოს შედეგებს ვებრძვი და რამდენიმე დღით ადრე რესტორან „ჭყიმარტეში“ (სოფ. ლიხაური, ოზურგეთის რაიონი) მოსმენილ სიმღერას ვეძებ. რადიო „არ დაიდარდოს“ ფეისბუქ ფეიჯის მეშვეობით ვპოულობ, very responsive ყოფილა.

q

ზურა ხაჩიძის „ჩვენ ვგულაობთ“.

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
გრადუსიც მალე მოვა,
ჩვენი ერთად ყოფნის დროა

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
პარასკევი საღამოა,
რესტორნიდან არ გამოვალ

დატვირთული კვირის მერე,
რესტორანი ავიჩემე,
ქაშერი და რვა ნომერი,
ხვანჭკარა და რქა წითელი,

ძმაკაცებიც აქ არიან,
კაკულა და ზაქარია,
მშვენიერი გოგონები,
სხვა არაფერი მწადია,

მე მინდა ამ სასმისით
საქართველოს მოვეფერო,
და შენი სიყვარულით,
ეს სიმღერა ავამღერო,

გააძრეთ დოლარები,
ევროები, დალარები,
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ნუ ვიცხოვრებთ დანანებით,

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
გრადუსიც მალე მოვა,
ჩვენი ერთად ყოფნის დროა

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
პარასკევი საღამოა,
რესტორნიდან არ გამოვალ,

კავკასიის შვილები ვართ,
ერთმანეთის მოყვარული,
მოდი ძმებო ამ წუთიდან,
დავიფიცოთ სიყვარული

ბაქოში და ერევანში,
თბილისში და ჟენევაში,
მოდით ერთად შევეჯიბროთ,
სიყვარულის შენებაში,

მე მინდა ამ სასმისით
საქართველოს მოვეფერო,
და შენი სიყვარულით,
ეს სიმღერა ავამღერო.

გააძრეთ დოლარები,
ევროები, დალარები,
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ნუ ვიცხოვრებთ დანანებით,

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
გრადუსიც მალე მოვა,
ჩვენი ერთად ყოფნის დროა

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
პარასკევი საღამოა,
რესტორნიდან არ გამოვალ

მე მინდა ამ სასმისით
საქართველოს მოვეფერო,
და შენი სიყვარულით,
ეს სიმღერა ავამღერო,

გააძრეთ დოლარები,
ევროები, დალარები,
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ნუ ვიცხოვრებთ დანანებით,

ჩვენ ვგულაობთ დილამდე,
ჩვენ ვქეიფობთ დილამდე
გრადუსიც მალე მოვა,
ჩვენი ერთად ყოფნის დროა

ვერაფრით დავადგინე, როდის არის ჩაწერილი. ჩემი ვარაუდით, ბოლო ორ წელიწადში. თუმცა, რაკი რამდენიმე დღის წინ რამდენჯერმე ჩართეს რესტორანში, ამას ალბათ მნიშვნელობაც არ აქვს.
არაერთი მიზეზი მქონდა ამ სიმღერის მოსაძებნად.

დრო

w

ამ ქვეჟანრში – საქეიფო/სუფრული – ხომ ხვდებით, დრო არ არის. ორშაბათიც შაბათია. ქეიფს ვიწყებ დილიდან. არ ვაზუსტებთ, რომელი დილიდან. იმას, რაც რესტორანში ხდება, იმას, რაზეც რესტორანში მღერიან, ცხოვრებისგან იზოლირებულიც არ ეთქმის. ის თავად არის მთელი ცხოვრება. მხოლოდ ის არსებობს. დილიდან დილამდე ქეიფი. ჰეი. რაც მთავარია, იმას რაც რესტორანში ხდება, არაფერი განაპირობებს, არაფერი ხდის შესაძლებელს.

არადა, ჩვენი სიმღერის მეორე სტროფშივე, პარასკევი საღამოა, რესტორნიდან არ გამოვალ… მესამეში ხომ საერთოდ მკრეხელობა იწყება, და საქმეში საშუაო გრაფიკი ერთვება. დატვირთული კვირის მერე, რესტორანი ავიჩემე. მუშაობა-დასვევების ციკლი წინა პლანზეც კი გამოდის. ყოველდღიურობა, გნებავთ, ბუნებრივი მდგომარეობა სწორედ დატვირთული კვირაა, რესტორანი კი პასუხია მასზე, ამოჩემება, რომელმაც მისი გაგრძელება უნდა უზრუნველყოს. ისიც კი შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ რესტორანი მრავალთაგან ერთ-ერთი პასუხია. სუფრა, ერთდროს საკრალური, ერთდროს მთავარი, იქნებ ერთადერთი, ღირებულება, ახლა გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთ ელემენტია და ადვილად შეიძლება ჩანაცვლდეს რომელიმე სხვით. ერთი კლუბი მეგულება.

დიდი გონებამახვილობა არ სჭირდება აქ გამარჯვების დანახვას ერთი დროისა მეორეზე. ეთიკისა ეთიკაზე. ეკონომიკური სისტემისა ეკონომიკურ სისტემაზე. სულაც ადამიანების ჯგუფისა სხვა ადამიანების ჯგუფზე. მაგალითად, შეიძლება იმაზე დაფიქრება, რომ ამ სიმღერის სამიზნე აუდიტორია, ადამიანები ვინც წლების განმავლობაში, ჯერ გაკვირვებით, შემდგომ აღშფოთებით და ბოლოს აგრესიით რეაგირებდა თავის გარშემო სოკოებივით მომრავლებულ უცნაურ, უცნაურ ამბებზე – დატვირთულ სამუშაო კვირაზე, გადაღლილობაზე, ვიქენდებზე – მოსაუბრე ადამიანებზე, ახლა უკვე ამ უკანასკნელთა ოცნებებზე აგებენ თავიანთ სიმღერებს.

იქნებ ტრანსფორმაციაზე, და გამარჯვების მოპოვების პროცესზე, დაკვირვება უფრო საინტერესო იყოს. ავიღოთ მეექვსე სტროფი: წუთისოფლის სტუმრები ვართ, ნუ ვიცოცხლებთ დანანებით. კლასიკაა, ჟანრის კანონების დაცვით დაწერილი. წუთისოფელი მოკლეა. არა მჯერა მე სამოთხის მადლის. ამიტომაც: ჩვენ ვგულაობთ დილამდე. ერთი ეგაა, დილიდან დილამდე ვეღარ. პარასკევი საღამოა, რესტორნიდან არ გამოვალ.

ზემოთ ოცნებები ვახსენეთ. ჭიდილი მათ სივრცეშიც მიდის. მეექვსე სტროფის დასაწყისში: დააძრეთ დოლარები, ევროები, დალარები. კარგი ბატონო, არ გვინდა ფაფარაშლილი ლომები. ფული იყოს. პაჭკა-პაჭკა ცვიოდეს. ეგეც მოსულა. ჟანრი ამასაც დაიტევს. მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული. ოღონდ, არც იმ დილიჟანსს ვიქირავებ, სადაც ძმაკაცები უნდა შემოვისხა. იმათაც გაიკრან ჯიბეზე ხელი. დააძრეთ! ტრულაილას ფული უნდა.

სუფრული სიმღერები იმედიანი სიმღერებია. გრადუსიც მალე მოვა. ჩვენი სიმღერაც ცდილობს, იმედიანად დამთავრდეს. ჩვენი ერთად ყოფნის დროა. და ავიწყდება, რომ ჩვენს ერთად ყოფნას უკვე თავისი დრო აქვს. გამოყოფილი დრო.

ქალები

კადრს მიღმა - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი"

ქვეჟანრში არც ქალები არიან. ფიქრი ნუ გაქვთ გოგოებო, თქენთვის არა მცალია. სუფრულის სუფრა მამაკაცების სამოთხეა. ქალი, ან, კონტექსტში, გოგო/ნა აქ შეიძლება მოიგონონ – მივეპარე და ვაკოცე, აბა რა უნდა მექნაო?!. ქალი შეიძლება განიხილონ – როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში, გოგო იგეთია, გოგო აგეთია. ქალს შეიძლება მიმართონ – გოგონი, ქიცი, ქიცი. უსაყვედურონ -გოგოვ ბეღურა ხომ არ ხარ, კაკანათი რომ დაგიგო?! ქალი შეიძლება დააიმედონ – დედაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს!. მაგრამ ქალი არასდროს ესწრება პროცესს. არასდროს არის სუფრაზე.

ჩვენს სიმღერაში კი ქალები გამოჩნდნენ და ერთობ საინტერესო ფუნქცია შეიძინეს.

მესამე სტროფიდან რესტორნის სიტუაციის აღწერა იწყება. ჯერ ღვინო: ქაშერი და რვა ნომერი, ხვანჭკარა და რქაწითელი. მერე ძმაკაცები: კაკულა და ზაქარია. აღწერა, წესით აქ უნდა დამთავრდეს და საქმეზე გადავიდეთ. არემარე ავიკლოთ, არაფერი დავიკლოთ. ოღონდ ჩვენი სიმღერა სხვაგვარად მოიქცევა, და ამისთვის კიდევ ერთი შტრიხი დასჭირდება: მშვენიერი გოგონები. სხვა არაფერი მწადია.

ადვილად შეიძლება, ეს ძველ ამბავში აგვერიოს. რაღაც „სუფრის დამამშვენებლების“ სადღეგრძელოს მსგავსში. განსხვავება ისაა, რომ აქ გოგონები დიდად არ აინტერესებთ. გაკვრით ახსენებენ. კომპლიმენტებს არ უძღვნიან. არაფერს სთხოვენ. მათით არც კი ტრაბახობენ. სხვა რამის ნაწილები არიან გოგონები, იმის რაც სატრაბახოა. „პონტს“ ასრულებენ. ინტერიერს. როგორც თბილისის კაფეების – კაფეების, სადაც ეს სიმღერა არასდროს გაჟღერდება – ხმაურიანი ბიჭების უტყვი შეყვარებულები. გართობის ინდუსტრია ბევრგან ქმნის ახალ, არსებითად ერთნაირ, შესაძლებლობებს.

შემსრულებელი

r

არაფერი ამშვენებს ამ ამბავს ისე, როგორც ის, თუ ვინ ასრულებს სიმღერას. ზურა ხაჩიძე. ერთდროს პირველი ქართული ბოი-ბენდის, „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ვინც, სანამ წერას დავასრულებდი, ბორჯომ-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ეგიდით.

ასეთი განვითარება რამდენსამე საინტერესო შეკითხვას აჩენს. მაგალითად: შეგვიძლია თუ არა ზურა ხაჩიძის კარიერულ გზაში, არა წარუმატებლობა და პრინციპების ღალატი, არამედ, სწორედ საპირისპიროდ, თანმიმდევრულობა დავინახოთ? ანუ, შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ ის წარმოდგენები, სურვილები და მისწრაფებები, რომლებიც 1990-იანების დასაწყისში ბოი ბენდის შექმნისკენ გვიბიძგებდნენ, 2010-იანების შუაში უკვე „სუფრულის“ შესრულებით გამოიხატებიან? მეტიც, ხომ არ შეგვიძლია ისიც კი ვიფიქროთ, რომ ამ წარმოდგენებს, სურვილებს და მისწრაფებებს პოლიტიკური განზომილებაც აქვთ, რომელსაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გამოხატავს?
t
ამ კითხვებს აქ პასუხს ნუღა გავცემთ, რადგან ისინი ამ წერილის თემას ცდებიან, მაგრამ მაინც შეგვიძლია მათი საფუძველმდებარე ეჭვის ფორმულირება ვცადოთ: თავისუფლად შეიძლებოდა, სიმღერის „ჩვენ ვგულაობთ“ შემსრულებელს სახელად ზურა კი არა, გოგა რქმეოდა.

(Visited 600 times, 1 visits today)

თორნიკე ჭუმბურიძე