The Hateful Eight – ხსნის სამსჯავრო

hateful-eight

არავის გამოჰპარვია, რომ შურისძიების კინემატოგრაფიული რეპრეზენტაცია კვენტინ ტარანტინოს ბოლოდროინდელ აკვიატებად იქცა. დაკვირვებული მკითხველი იმასაც შეამჩნევდა, რომ რეჟისორი აღნიშნულ თემას 90-იანების დასაწყისიდანვე უტრიალებდა და “მოკალი ბილი” ამ ფრთხილ მოსინჯვათა სერიების ლოგიკურ დაგვირგვინებად მოსჩანდა. მაგრამ, “უსახელო ნაბიჭვრებიდან” მოყოლებული, შურისძიების პრობლემატიკამ ახალი ჰორიზონტი – ისტორია აღმოაჩინა.

ისტორიის ჰორიზონტმა, თავის მხრივ, ტარანტინოს ფილმებს მკვეთრი პოლიტიკური ელფერი, თავად რეჟისორს კი – გამოკვეთილი არტისტული ნიშა შესძინა. ისტორიის ჰორიზონტზე გაშლილი, რამდენადმე ესთეტიზებული ძალადობის ფონზე წარმართული შურისძიება ახალ მიმართულებას გვამცნობს: ტერაქტი, რომელიც “უსახელო ნაბიჭვრებში” ტარანტინომ ჰიტლერს საგანგებოდ მოუმზადა და მონათმფლობლის სამამულო სახლის აფეთქება, რომელიც ჯანგოს შურისძიებას აგვირგვინებს, ტრავმატულ ისტორიულ გამოცდილებას არტისტული ინტერვენციის ველად სახავს. ორივე შემთხვევაში – დადგმული ძალადობის ფონზე – მაყურებელი ხელოვნების ისტორიაზე გამარჯვებას უმზერს. ფიქციის ასეთი ძლევამოსილი (და ასეთი გადაჭარბებული) გალაშქრება წარსულზე ტარანტინოს უკანასკნელი კინოსურათების პოლიტიკურ კომენტარებად გააზრებისკენ გვიბიძგებს. “უსახელო ნაბიჭვრებსა” და “ჯანგოში” არა ისტორიული ეპოქების რეპრეზენტაციის, “რეალური” ისტორიული მოცემულობების კინემატოგრაფიული მოხელთების მცდელობებთან, არამედ “მოდელირებულ” ისტორიებთან, ისტორიულ გამოცდილებებთან და მათს აწმყოსეულ ექოებთან გვაქვს საქმე. ამრიგად, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ნაციზმის ისტორიული გამოცდილების ეპიცენტრში გაშლილი “უსახელო ნაბიჭვრები” ანტი-სემიტიზმის შემაძრწუნებელ შედეგებზე, “ჯანგო” კი – სტრუქტურულ რასიზმზე გვესაუბრება ტარანტინოსთვის დამახასიათებელი შავი იუმორისა და სტრატეგიული არაპოლიტკორექტულობის ენით.

გარკვეული თვალსაზრისით “Hateful Eight” ამავე სიაში ეწერება: თითქოს ფილმი “ჯანგოში” ასახულ, სამოქალაქო ომის ზღვარზე მისულ ამერიკაში შავკანიანთა ემანსიპაციის ტალღას ომისშემდგომ ვაიომინგში გადაისვრის, სადაც, შეცვლილ გარემოებებში მაიორი უორენის ბედიც სხვანაირად უნდა გათამაშდეს.

12751988_536999686480735_870211654_o

“ჯანგო” და “Hateful Eight” გამუდმებით ელაპარაკებიან ერთამენთს: სიმბოლოებით (სამგზავრო ეტლის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც ვესტერნის ჟანრის ისეთ კლასიკურ ნამუშევრებსაც გადასძახებს, როგორიც ჯონ ფორდის “Stagecoach”-ია), პერსონაჟებითა (“ჯილდოზე მონადირეები” – დოქტორი შულცი და ჯონ რუთი), და კონტრასტული ლანდშაფტებით (ზამთრისა და ზაფხულის ველური დასავლეთის მკაცრი, შემზარავი ხედები, დაუსახლებელი უნაყოფო მიწები, რომლებიც პერსონაჟებს ექსისტენციალური გამოწვევების წინაშე აყენებენ).

145546-050-CE7F264D

მაგრამ ჭარბი თვითციტირებისა (სიუჟეტის მსვლელობის დიდი ნაწილის დახურულ, ლამის კლაუსტროფობიულ სივრცეში მოთავსებით ტარანტინო “ცოფიან ძაღლებთან” გვაბრუნებს) და ნარატივში ავტორის უეცარი შემოჭრის პოსტმოდერნული ჟესტების მიღმა “Hateful Eight”-ის ახალი გეზი იკვეთება: მაიორი უორენი ჯანგოს პერსონაჟში განსხეულებული, ერთგვარი “ფოლკლორული გმირის” ნამდვილი ანტიპოდია, რომელიც თავად ქცეულა ჯილდოზე მონადირედ, ხოლო ომისშემდგომი ამერიკის მიკროკოსმოსი თვალუწვდენელი სამამულო მიწებიდან გალანტერიის კედლებში იკეტება.

1436658294434.cached(1)

განსხვავებულია “Hateful Eight”-ის ნარატიული სტრუქტურაც: ტარანტინო 6 მოქმედებაში გაშლილ ფილმს კინემატოგრაფიულ “პიესად” გვთავაზობს.

ფილმი რედ როკისკენ მიმავალ გზაზე ქარბუქში მოყოლილი, დათოვლილი ჯვარცმის ჰიპნოტური კადრით იწყება. ქვემოთ შემოგთავაზებთ, რომ ტანჯვით მოპოვებული ხსნის ქრისტიანული ხატი სწორედ ის მეტაფორაა, რომელსაც ტარანტინომ ანგარიში უნდა გაუსწოროს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შევნიშნოთ, რომ ჯვარცმა ღვთისგან მივიწყებულ, უკაცრიელ მიწაზე მიუტოვებიათ: ტარანტინოს სურს, ხსნის ქრისტიანული მორალიზმი გზის დასაწყისშივე უკან მოიტოვოს. მკაცრი ლანდშაფტი და ქარბუქი, რომელიც რედ როკისკენ მიმავალი ეკიპაჟის მსვლელობას აფერხებს, ფილმის დასაწყისშივე გვამცნობს რომ “Hateful Eight”-ს ქალაქში არ/ვერ მივყავართ; თითქოს სამართლის პროცედურული აღსრულება, რომელიც შეპყრობილი დამნაშავის ჩამოხრჩობით უნდა განსხეულდეს, ძირშივე ფუჭი დაპირებაა. ქალაქის, როგორც ინსტიტუციური სამართლის, “ცივილიზაციის”, წესრიგისა და კანონების სივრცის “გადადება” – მისი ფუნდამენტური მიუწვდომლობა – ფილმისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით.

მაიორი უორენისა და ჯონ რუთის შეხვედრით ფილმის ერთ-ერთი ცენტრალური მოტივი, სხეულები და მათზე დაწესებული ჯილდოები იშლება: სიუჟეტის (არახაზოვან) მსვლელობასთან ერთად ვიგებთ, რომ საქმე მონეტარულ ენაში გამოსახულ სხეულებთან გვაქვს. თავად მაიორ უორენის სხეულის ფასი უნიონისტებსა და კონფედერატებს შორის გამართული ბატონ-რუჟის ბრძოლის შემდეგ რამდენჯერმე დაეცა და ახლა 5000 დოლარი ღირს, შეპყრობილი დეიზი დომერგუს ფასი 10000-ია, უორენის ნადავლი 8000-ად ფასობს და ა.შ. რუთსა და უორენს შორის გაბმული ნდობის ძაფები მეტწილად ამ “მონეტარულ ხელშეკრულებაზე” დგას.

hatefuleight

მოგვიანებით ვიგებთ, რომ ეს უკანასკნელი ნდობის სიმყარის საკმარისი გარანტი არ არის – ხელშეკრულების სიმტკიცეს ლინკოლნის წერილი აძლიერებს. როგორც თავად უორენი ამბობს, წერილს კონკრეტული დანიშნულება აქვს: “შავები მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, როცა თეთრები განიარაღებულნი არიან. და ეს წერილი მათი განიარაღების ერთადერთი საშუალებაა”. ამრიგად, რუთსა და უორენს შორის დამყარებული ნდობა უშუალო და უანგარო ნამდვილად არ არის. ის ორმაგად გაშუალებულია – ერთი მხრივ გაცვლითი ხელშეკრულებით, ერთგვარი საბაზრო ტრანზაქციით, რომელიც ინსტიტუციური თანასწორობის დისფუნქციურობას ამხელს, და მეორე მხრივ ლინკოლნის წერილით, რომელიც თავად ამ ხელშეკრულების სიმყიფეს აჩვენებს. ეს ორმაგი სიმყიფე, რომელიც შავკანიანთა ფორმალური გათავისუფლების შემდგომ ვერტიკალურ, ინსტიტუციურ წესრიგსა და ჰორიზონტალურ, ადამიანთაშორის ურთიერთობებს დაეტყოთ, ამერიკული რასიზმის დამარცხებისკენ მოკლე, მაგრამ მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად კი არა, ამ ორ შრეს (ვერტიკალურ/ინსტიტუციურ და ჰორიზონტალურ/ინტერპერსონალურ) შორის არსებულ რეალურ დაძაბულობად უნდა გავიაზროთ. ის ფორმალური თანასწორობა, რომლის გარანტადაც ინსტიტუციური წესრიგის სიმბოლო, ლინკოლნის წერილი გვევლინება, ჰორიზონტალურ დონეზე რეალური დაქვემდებარების იარაღია. ტარანტინო ამ შინაგან დაძაბულობას თეთრკანიან პერსონაჟთა ლექსიკაში სიტყვა “Nigger”-ის გამოყენების სიჭარბით აჩვენებს (ხანდახან უორენს ცინიკურად “Major Nigger”-ადაც მოიხსენიებენ).

თუმცა, ტიმ როტის პერსონაჟში რასიზმის ეს წინააღმდეგობრივი ბუნება გაცნობიერებული და რეფლექტირებულია. საგულისხმოა, რომ ოსვალდო მობრი უორენს თავაზიანად, “პოლიტკორექტულობის” წესების სრული დაცვით, წოდებით მიმართავს, რითაც სტრუქტურული რასიზმის გაცილებით უკეთ შენიღბულ სახეს აჩვენებს: მისი ბრიტანული აქცენტი კოლონიური “განათლებული” რასიზმის მარკერია, რომელიც ორმაგ ნიღაბს ატარებს:

12499233_537003829813654_38429277_o
I – მობრი აცნობიერებს იმ “პერფორმატულ წინააღმდეგობას” (თავისი ნათქვამის საკუთარი ქცევითვე უარყოფას), რომელიც მის ცინიზმს ამხელს: გავიხსენოთ სცენა, სადაც მაიორ უორენსა და გენერალ სმიტერსს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ოსვალდო მობრი ეფექტურ გამოსავალს პოულობს – “ბატონებო, ძალიან გთხოვთ, ბატონ-რუჟის ბრძოლას მინის გალანტერეაში ხელახლა ნუ დავდგამთ. გთავაზობთ, გალანტერეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად დავყოთ, ბუხარი ჯორჯია იქნება, ხოლო ბარი… – ფილადელფია!” სხვა სიტყვებით, მობრი აკეთებს იმას, რასაც მისივე სიტყვებით “ბატონებისადმი” თხოვნაში უარყოფს – ის ჯერ “დაძაბულობას განმუხტავს” (აღკვეთს კონფლიქტს მაიორსა და გენერალს შორის) შემდეგ კი პერფორმატიულად გამოაცოცხლებს მას დაპირისპირებულ მხარეთა სივრცეში განაწილებით.

II – ამ წინააღმდეგობას მობრი სცენაზე დგამს, გაათამაშებს, თავად კი მაყურებლის, პასიური გარე დამკვირვებლის როლში გვევლინება (“კარგად ვიცი, რომ თქვენ, ამერიკელებს ყველაფრის იარაღით მოგვარება გჩვევიათ”).

ფილმის მეორე ფუნდამენტური მოტივის, სამართლიანობის პრობლემატიზებაც ტიმ როტის პერსონაჟს უკავშირდება. ოსვალდო მობრი ერთმანეთისგან “ცივილიზებულ” სამართლიანობასა და ლინჩის სამართალს განასხვავებს. პირველი მათგანი, რომელიც რედ როკში მობრიმ თავად უნდა აღასრულოს (ის თავს ჯალათად ასაღებს), ინსტიტუციური, ფრთხილად გაწერილი პროცედურაა, რომელსაც კანონი არეგულირებს, ხოლო მეორე აფექტური, სტიქიური შურისძიება, რომელიც “მუდმივად რისკის ქვეშაა, უსამართლო აღმოჩნდეს”. თვითნებურ გასამართლებასა (Frontier Justice) და სამართლიანობას შორის ფუნდამენტურ განსხვავებას დაუინტერესებელი ჯალათის ფიგურა განასხეულებს, რომელსაც მხოლოდ სამართლის აღსრულება ევალება. სამართლიანობის ამ მობრისეული თეორიის შუქზე კანონის დაუინტერესებლ აღმსრულებლად ფილმის ერთადერთი ნამდვილი ჯალათი, ჯონ რუთი გვევლინება.

Tim-Roth-Kurt-Russel-og-Jennifer-Jason-Leigh-i-The-Hateful-Eight

მაგრამ ამ სამართლიანობას ქალაქში აღსრულება არ უწერია. ფილმი მისკენ მიმავალ გზაზე ჩერდება. 70 მილიმეტრიანი კალიბრის კამერის მეშვეობით “მინის გალანტერიის” ყოველ კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებთ. მაიორი უორენი და ჯონ რუთი აგატა კრისტისეულ დეტექტივებად იქცევიან. მას შემდეგ, რაც რუთსა და მეეტლეს მოწამლული ყავა იმსხვეპლებს, გალანტერიაში ერთადერთი დეტექტივი რჩება, რომელმაც იმავე დილით ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს. ამ ეტაპზე უკვე ცხადია, რომ თუ რაიმე სახის სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ეს სამართლიანობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი არა, ამ კედლებში უნდა აღსრულდეს.

-1

გალანტერეა ერთგვარი მიკროკოსმოსის ფუნქციას ასრულებს. მის კედლებში გამოკეტილი სიძულვილის რვა თავიდანვე ძალადობისა და სისხლისღვრის ზღვარზე დგას. ჯანგოსგან განსხვავებით, ამ ძალადობას პირველად უორენი პროვოცირებს: იგი გენერალ სმიტერსის შვილის წამებისა და გაუპატიურების ამბავს მამის წინაშე ყვება, რასაც სმიტერსი წყობიდან გამოჰყავს. ეს უკანასკნელი უორენისვე შეთავაზებულ დუელს თანხმდება და, რაასაკვირველია, იღუპება. ამბის მოყოლისას უორენი რასიზმის ბინძურ წარმოსხვითზე – “დიდ შავ ჯონსონზე” – თამაშობს. ამ რასისტული წარმოსახვითის აფირმაციის წინააღმდეგობრივ ჟესტად დასახვა ტარანტინოსთან ერთად 2015 წელს ამერიკელმა რეპერმა, კენდრიკ ლამარმა სცადა ალბომით “To Pimp a Butterfly”, რომელიც ბალტიმორისა და ფერგიუსონის პოლიციურ ძალადობას ეხმაურებოდა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ წარმოქმნილ სოციალურ მოძრაობას, “Black Lives Matter”-ს ღიად უჭერდა მხარს. აფირმაციის ეს ჟესტი შიშველი სიცხადით იკვეთებოდა სინგლში “The Blacker The Berry”:

My hair is nappy, my dick is big,              ხვეული თმები მაქვს, ყლე – დიდი

my nose is round and wide                         ცხვირი – ფართო და მრგვალი

You hate me don’t you?                               გეზიზღები, არა?

ფილმის ბოლო თავს – “შავკანიანი თეთრკანიანთა ჯოჯოხეთში” – “Hateful Eight”-ის გრაფიკული ძალადობა ექსტრემალურ პუნქტამდე მიჰყავს. ტყვია ხვდება ყველას, ვისაც იარაღი აქვს და იარაღი აქვს ყველას, ვისაც ტყვია ხვდება. კრის მანიქსი, ცნობილი მოროდიორის შვილი და კონფედერაციის ლოიალისტი, რომელიც თავს რედ როკის ახალ შერიფად ასაღებს, უორენის მოკავშირედ გვევლინება. თუმცა ეს მოკავშირეობაც შემთხვევითი და მყიფეა: მას შემდეგ, რაც ირკვევა, რომ გალანტერიაში შეკრებილი ოსვალდო მობრი, ჯო გეიჯი, დეიზი და ჯოდი დომერგუ ცნობილი ბანდის წევრები არიან, ხოლო უორენს ტყვიები უთავდება, განიარაღებული მაიორის ბედი მანიქსის ხელში გადადის, რომელსაც, თავის მხრივ, ბანდის წევრები ახალ წინადადებას სთავაზობენ – მოკლას მაიორი და მომაკვდავი მობრისა და მექსიკელი ბობის გვამებში ჯილდო მიიღოს. მანიქსის გადაწყვეტილება, უარი თქვას შემოთავაზებაზე, მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება – ბანდის წევრებმა ტყუილი დამაჯერებლად ვერ შეფუთეს. საბოლოოდ მანიქსი და მაიორი უორენი “ჯონ რუთის სამართალს” (“ჩამოხრჩობით მხოლოდ უნამუსო ნაბიჭვრები უნდა ჩამოახრჩო, მაგრამ უნამუსო ნაბიჭვრები უნდა ჩამოახრჩო”) გალანტერიის კედლებში აღასრულებენ – მომაკვდავი წყვილი დეიზი დომერგუს ერთობლივი ძალისხმევით ჩამოახრჩობს.

Screen Shot 2016-03-16 at 11.22.01 PM

მაგრამ ისინი დაუინტერესებელ ჯალათებად კი არა, სწორედ რომ აფექტური ლინჩის სამართლის სუბიექტებად გვევლინებიან: ტარანტინო აჩვენებს, რომ სამართლიანობის ნორმატიული იდეა მიუწვდომელი იდეალი კი არაა, რომელიც, დიახაც, დისფუნქციურია, მაგრამ ჩვენი ქმედებების სამართლიანობა-უსამართლობის საზომად მაინც ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება, არამედ ძალადობრივი სისტემა, რომლის მიერ დაპირებული სამართლიანობის ინსტიტუციური აღსრულება ჩაგვრის რეალური მექანიზმია.

ბანდის წევრებსა და მანიქსს შორის გამართული “სხეულებით ვაჭრობა” ფილმის საწყის წერტილთან გვაბრუნებს, სადაც ქარბუქში მიტოვებული ჯვარცმის ფიგურა ჯერ კიდევ ბუნდოვან მეტაფორად მოგვევლინა. ფილმის დასასრულს ტარანტინო ამ მეტაფორას ხატმებრძოლური ჟესტით ანადგურებს: სამყაროში, სადაც ინსტიტუციური სამართლიანობის აღთქმამ და მისი აღსრულების ფორმალურმა მექანიზმებმა შავკანიანთა რეალური ემანსიპაციის ნაცვლად რასისტული ჩაგვრის ახალ ფორმებს მისცა დასაბამი, ხსნის რელიგიურ-მეტაფიზიკური ეკონომია კიდევ უფრო ცინიკურ დაპირებად მოსჩანს. “თეთრკანიანთა ჯოჯოხეთს”, რომელშიც ტყვიებშემოცლილი მაიორი უორენი ხვდება, ჯოჯოხეთს, სადაც “თეთრები თავს მაშინ გრძნობენ უსაფრთხოდ, როცა შავებს ეშინიათ”, ტანჯვით მოპოვებული ხსნის იდეით ვერ გამოისყიდი. სხვა სიტყვებით, ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. ის ეკონომია, რომელსაც ქრისტიანული ხსნის ნარატივი ეფუძნება, არანაკლებ დამცინავია, ვიდრე მანიქსისა და ბანდის წევრების ამაზრზენი “სავაჭრო შეთანხმება“.  რაც საგულისხმოა, “Major Nigger” ამ შეთანხმების მხარედაც კი არაა აღიარებული, რაც ქრისტიანული კონტრაქტის ძალადობრივ ელემენტს ამხელს, რომლის თვითლეგიტიმაციისთვის ერთი მხარის მიერ შემოთავაზებული პირობებიც საკმარისია.

latest

“საძულველი რვის” სახით ტარანტინომ გადაიღო ხატმებრძოლური კინო, რომელიც სამართლიანობის რეგულატიურ იდეასა და ხსნის ქრისტიანულ ნარატივს უტევს. ტარანტინო უფრო შორსაც მიდის და დეიზის ჩამოხრჩობილ სხეულზე შერჩენილი ხელის ხატით გვაჩვენებს ამ ორი დაპირებისგან “თავდაღწეული” თვითნებური სამართლის რეგრესიულობას. გარკვეული თვალსაზრისით, ხატმებრძოლეობის ნეგატიურობა, რომელიც ნგრევისა და სამართლიანობის ფორმალური გაგების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, პოზიტიური ხედვით უნდა შეივსოს. მაგრამ ამ პოზიტიურ ხედვაზე ტარანტინო უარს ამბობს. ვინ იცის, იქნებ დროებით. ან იქნებ ესეც თავისებური ვერდიქტია, რომელიც ხსნის პოზიტიური ხედვის შეუძლებლობაზე მიგვანიშნებს.

(Visited 1,104 times, 1 visits today)

სოსო ჭაუჭიძე