ქალთა არქეტიპები საშინელებათა ფილმებში


witch-movie-2016-poster-trailer
მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში გოთიკური ნოველები, ერთ გვერდზე დაბეჭდილი საშიში ისტორიები, ერთი პენის საფასურად იყიდებოდა. ნოველების ძირითადი სამიზნე მუშათა კლასის კაცები იყო. ამ პერიოდში, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, ინერგებოდა კითხვა, როგორც დასვენების ერთ ერთი ფორმა დაბალი სოციალური ფენებისთვის; განვითარების გზაზე შემდგარი კაპიტალიზმისა და ინდუსტრიალიზაციის ფონზე უმჯობესდებოდა გაზეთების ხარისხი და იზრდებოდა მათი რაოდენობა. ეს გარემოება ბაზარზე გზას უხსნიდა იაფფასიან, ვულგარულ ლიტერატურას, რომლის აუდიტორია მუშათა კლასის წარმომადგენელი კაცები, ანუ ის ხალხი იყო, ვისაც დასვენებისა და თავისუფალი დროის გახარჯვის კულტურა უნდა „დაესწავლა“. ამან შედეგი გამოიღო – საშინელებათა ზღაპრები ერთ პენად, დიდი რაოდენობით იყიდებოდა. ნელ-ნელა საშინელებათა ნარატივში ჟანრის მთავარი ფუნქცია გამოიკვეთა – გამოეწვია შიში, რომელიც მკითხველს ლატენტურად „ნორმალურობისკენ“ დაბრუნების სურვილს გაუღვივებდა. იმან, რომ ამგვარი ლიტერატურის სამიზნე ჯგუფს ძირითადად კაცები წარმოადგედნენ, ჟანრის მიზოგინიური ვექტორის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იაფფასიანი გაზეთების მოტივებმა ფილმის ახალ მედიუმში გადაინაცვლა. მედიუმის ცვლილების მიუხედავად თხრობის ხაზი უცვლელი დარჩა. უცლელი დარჩა ტაბუების მიწაზე შეჭრა; ნარატივი, რომელშიც, მშობლის ტიპური ჟესტის მსგავსად, რაღაცას გიკრძალავენ, მაგრამ შენ მაინც აკეთებ მას; გეუბნებიან, ნუ წახვალო და შენ მაინც მიდიხარ; და იქ, სადაც მიხვედი, ხედავ სამთვალა ადამიანს, მსუქან ქალს ნაჯახით ხელში, რომელსაც, მის გამხდარ ქმართან ერთად, ადამიანის შეჭმა სურს. როცა მაყურებელი შიშსა და ინტერესს იკმაყოფილებს ის კმაყოფილია იმიტომ, რომ არ არის ისეთივე ამაზრზენი, ბოროტი, ბინძური, მოძალადე, მახინჯი, როგორიც „ის“ იყო. მაყურებელი უფრო მეტად რწმუნდება ნორმალურობისა და კარგობის სისწორეში. საკუთარ თავზე წარმოდგენის ამგვარი განახლებისას მაყურებელი იჯერებს, რომ იმაზე კარგია, რაც ნახა. ამ აზრით საშინელებათა ფილმის ნარატივი სტერეოტიპულია: მას სჭირდება მახინჯი, მოძალადის გამოგონება რათა აწარმოოს ნორმალურობა ჩვენს გონებაში.

საშინელებათა ფილმში ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს სხეული, რომელიც შერეულ, მომიჯნავე ცნებებს აერთიანებს – აერთიანებს მიღმურს და მიწიერს, ცოცხალსა და მკვდარს, ადამიანსა და ცხოველს, ან აჩვენებს ახალი, ტრანსგრესიული იდენტობის ჩამოყალიბებას. საშინელებათა ფილმის მთავარი ფიგურა, ბიოლოგიური და ონტოლოგიური ოპოზიციების წარმოებით, არსებულ კულტურულ კატეგორიებს შორის საზღვრებს განამტკიცებს. ამ ოპერაციის საილუსტრაციოდ მერი შელის პერსონაჟი, ფრანკენშტეინის მონსტრი – „ზომბის“ თანამედროვე ფიგურის პროტოტიპი – გამოდგება, რომელიც არც ცოცხალია, არც მკვდარი, ცოცხალიცაა და მკვდარიც.
14658279_976217382522207_1958943599_n
საშინელებათა ფილმების აქამდე მოსული პრაქტიკა, ნორმალურსა და არანორმალურს შორის მკვეთრი წყალგამყოფის გავლებით, პირველის იდეაზე დაფუძნებული სტატუს კვოს შენარჩუნებას ემსახურება. ვიწყებთ სიმშვიდისა და ნორმალურობის აღწერით, რომელშიც სუბვერსიული სხეული იჭრება, მასთან კონფრონტაციის შემდგომ კი დასტურდება, რარიგ კარგია სანატრელი, მშვიდი ნორმალურობა.

ისტორიულად ამ ჟანრის პოლიტიკური და კულტურული განზომილება ჩამოყალიბდა ჰომოფობიურ გარემოს, ქალის ჩაგრული სხეულის რეპრეზენტაციის მეშვეობით. მინდა ამ უკანასკნელზე შევაჩერო მზერა, რათა მკაფიოდ წარმოვაჩინო კაცთა მზერისთვის განკუთვნილი ქალი პერსონაჟების სახე-ხატები.

ფემინისტურ მგრძნობელობას არ გამოეპარება საშინელებათა ჟანრის გენდერულად სტერეოტიპული ხედვა. ერთ-ერთი პირველი არქეტიპი, რომელსაც ეს ხედვა გვთავაზობს, მსხვერპლის როლში წარმოჩენილი, სექსუალურად აქტიური გოგონაა. ეს სურათ-ხატები დატერორებული სექსუალობის ილუსტაციებია. მათი დანითა და ნაჯახებით ჩეხვა ის სასჯელია, რომელიც მათ სექსუალურ „დანაშაულს“ პასუხობს. მათი კივილი ჩვენში შიშს უნდა იწვევდეს.
14689954_976217399188872_265352218_o
თუკი თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში საშინელებათა ფილმებში შიშველი გოგო აბაზანის მიღებისას სასტიკად კვდება, ან კვდება სექსის დროს და ქალისთვის სექსი სიკვდილის საპირწონე ხდება, 90 იანი წლებიდან ამ ტენდენციას ალტერნატივა უჩნდება. ფემინისტურ ნარატივთა გაძლიერების კვალდაკვალ ჟანრში შემოდის „გადარჩენილი გოგოსა“ და „ძლიერი ქალის“ არქეტიპები, რომლებიც განასხეულებენ თანამედროვე, პოპულარულ ფემინისტურ თვალსაზრისს – გადარჩება ძლიერი, წარმატებული, კოკურენტუნარიანი ქალი. ამ თვალსაზრისით, რეჟისორი კევინ ვილიამსონი პიონერია. 90-იან წლებში მან შექმნა სიდნი პრესკოტის პერსონაჟი ფილმში „კივილი“, სადაც ხაზგასმულია, რომ სექსუალური, ლამაზი გოგონა, მიუხედავად იმისა რომ მას ფილმში სექსი აქვს, მაინც გადაურჩება სასჯელს. ეს საშინელებათა ჟანრში გადარჩენილი გოგონასა და ძლიერი ქალის სურათ-ხატის პირველი დაფუძნებაა. „კივილში“ სიდნი და „ჰელოუინში“ ლორი ნაკლები ფემინურობით გამოირჩევიან; მათი სახელები უნისექსია, ხოლო მათი ძლიერი და ხშირ შემთხვევაში მასკულინური ბუნება იმას ამტკიცებს, რომ ფემინურობა სუსტი და გამოუსადეგარია.
14647404_976217402522205_730266993_o
ამ მიმართულებას წარმატებით აგრძელებენ 90-იანი წლების გაძლიერებული ქალები, რომლებიც გადარჩენისთვის მზად არიან, მოკლან, სისაზიზღრეს თვალი გაუსწორონ. „უცხო“, „კრავთა დუმილი“ და „ტერმინატორი“ ამ ნარატივის ღირსეულ მემკვიდრეებად გვევლინებიან.
14642834_976217392522206_796237859_n
დღეს თვალს ვადევნებთ ფილმებს, რომლებშიც ქალი თვითონ გვევლინება საშიშ არსებად და რევოლუციურ სუბიექტად. 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საშინელებათა ფილმად აღიარებული „ალქაჯი“ თავის თავში აერთიანებს კუდიანის როგორც ისტორიულ, ასევე სიმბოლურ სახეხატს. თანამედროვე ფემინისტი ავტორის, კაროლინ მერჩანტის მოსაზრებით, შუა საუკუნეებში, როდესაც ეკლესიებში გარკვეული ცოდნა დაგროვდა, მამაკაცთა ცოდნისა და მეცნიერების პროგრესის თანადროულად, დაიწყო ქალთა დევნა, მათი ბუნებისკენ გადასროლა, კულტურიდან განდევნა. ამ პერიოდში ქალები ბუნებასთან დაახლოებულ არსებებად გვევლინებიან. ბალახეულისგან წამლებისა და რეპროდუქციის კონტროლის საშუალებების დამზადება განიდევნა. სახელმწიფო ხელისუფალმა შობადობის კონტროლის სადავეები აიღო ხელში, ხოლო რელიგიამ ქალები საზოგადოების ურჩხულებად გამოაცხადა. კუდიანებზე ნადირობა ევროპაში, მეთორმეტედან მეჩვიდმეტე საუკუნემდე, ქალის დამორჩილების ყველაზე ძლიერი ბერკეტი აღმოჩნდა. არსებობს ისტორიული გადმოცემები იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში იქმნებოდა კუდიანად შერაცხულთა იატაკქვეშეთი, სადაც ამა ქვეყნის ღატაკნი და გარიყულნი სხვა წესრიგის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ რეჟიმის ლიტერატურულ რეპრეზენტაციას ვხვდებით შექსპირის „მაკბეტში“, სადაც კუდიანი დები ცხოვრობენ ისეთ ადგილას, სადაც მათი ქალური ცოდნის ძალა სუფევს. კუდიანების გატეხვა კი მათს სხეულზე გადიოდა. ქალების ჯადოქრობა სხეულით უნდა დამტკიცებულიყო. კუდიანების დასჯის გზებს გვასწავლის 1487 წელს დაწერილი წიგნი „Malleus Maleficarum“ – „ურო ჯადოქრებისათვის“.
14686409_976217395855539_150605935_n
რეფორმაციასთან ერთად «ალქაჯებზე ნადირობის» ახალი ტალღა იწყება. ჩნდება ქალთა ექსკლუზიის, დევნის ახალი პრაქტიკები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნის მიწურულამდე გრძელდება. მეცნიერული და რელიგიური რეჟიმების გამიჯვნასთან ერთად ქალთა ცოდნის ექსკლუზია ორი ფრონტიდან ხორციელდება. ამ პერიოდში «ალქაჯებზე ნადირობა» ოკეანის გაღმა, ამერიკის კონტინენტზე განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობს. ჯადოქრის დევნა ქალის სხეულის მორჩილებისა და ნორმალიზაციისკენ არის მიმართული. ძალაუფლება ცდილობს ქალის სხეულზე მატერიალურად გაილაშქროს და გარდაქმნას. ქალები სოციალურად უჩინრები არიან, ხოლო ამის პარალელურად მათი სხეულები მაღალ ინტერესს აღძრავენ დამორჩილებისათვის. ფილმი «ალქაჯი» დევნისა და იზოლაციის რელიგიური პრაქტიკის შედეგებზე გვესაუბრება და რელიგიური სექტის მიმდევარი ოჯახის თემიდან განდევნაზე გვიამბობს.

ტომასინი, ფილმის მთავარი პერსონაჟი, პურიტანული ოჯახის შვილია, ლამაზი, მოზრდილი გოგონა, მორწმუნე და დედის დამხმარე. განცალკევებაში მცხოვრებ ოჯახში ბზარი ჩნდება, როცა ჯერ პატარა სამუელი იკარგება, რომლის მოვლაც ტომასინს ევალებოდა, მერე დედის ვერცხლის თასი, რომელიც ტომასინის მამამ გაყიდა. ნივთის გაუჩინარებაც ტომასინს ბრალდება. დედას შვილის მიმართ სიძულვილი უჩნდება, მისი პატარა ძმა კი წყლის პირას ძუძუებზე უყურებს და მის სექსუალიზებას ახდენს. მალე ეს ბიჭიც დაიწყევლება ჯადოქრის მიერ. პირველი და საბოლოო ეჭვმიტანილი ტომასინია, მორწმუნე მომლოცველი გოგო რომელიც დედის და მამის მზერის მიპყრობასა და სიმართლის დამტკიცებას ამაოდ ცდილობს. ფილმის სიუჟეტი გვაჩვენებს თუ როგორ ქმნის გარემო ტომასინისგან კუდიანის სახე-ხატს, რომელიც ლოცვას ნელ ნელა თავს ანებებს რადგან ხვდება, რომ ეს მის ყოფას ვერ აუმჯობესებს. ის ხვეწნა მუდარასაც ივიწყებს და იწყებს იმის ძიებას, რასაც აბრალებენ. ფილმი კუდიანთა რიტუალით მთავრდება, სადაც შიშველი, ბუნებასთან ნაზიარები ტომასინი ლევიტირებს.
witch3
ეს ფილმი ქალური ამბოხისა და ტრადიციული მორჩილების მიღმა გასვლის ილუსტრაციაა. ეს გოგოს დევნის ისტორიაა, რომელიც არავინ შეიყვარა და რომელიც კუდიანთა ერთობას უერთდება. ამ გზით საშინელებათა ჟანრს ემატება ქალის მესამე არქეტიპი, რომელიც სხეულებრივ დონეზე ითვისებს ძალადობრივად თავსხმოხვეულ, საშინელების სტატუსს, რომელსაც თავის იარაღად აქცევს. ნაცვლად იმისა, რომ გაამყარონ, მისი ქმედებები ნორმას ანგრევეენ. ნაცვლად იმისა, რომ მაყურებლის გონებაში სტატუს-კვო გაამყაროს საშინელებათა ჟანრის ძველი ტრადიციის მიხედვით, ის მიგვითითებს მეორე, დაფარული მხარისკენ, კულტურის მიღმა, ტყისკენ, სადაც მოძულებული კუდიანები სისხლს სვამენ, დაფრინავენ და სატანას უხმობენ.

მეორე «კუდიანი» როზამუნდ პაიკის პერსონაჟია ფილმიდან „დაკარგული გოგონა“. ფინჩერის ემი გვაჩვენებს თუ როგორ ქმნის გარემო ჩვენგან კაცის მზერისთვის სასურველ არსებას, რომელიც იდეალურია და როგორ იკარგება ამ არსების მიმართ ინტერესი ყოფით რუტინაში, სადაც ნიკ დანი აღმოაჩენს რომ მისი სუპერ ემი ჩვეულებრივი ადამიანია. ემი მონსტრად იქცევა და უმოწყალოდ კლავს, ცივსისხლიანად გეგმავს, ჯანქ-ფუდს ჭამს და იხსენებს თუ როგორია კაცისთვის „მაგარი გოგო“ რომელიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, კარგი იუმორი ჰქონდეს, სვამდეს ლუდს, მუდამ მზად იყოს სექსისთვის, და არასდროს გაბრაზდეს. ემის ფსიქოპატური ქცევა ერთი შეხედვით ნიკს ტანჯულ გმირად წარმოაჩენს. რეალურად კი მისი ფსიქოპატია პასუხია იმაზე, რომ ქალისთვის გამზადებული დაკვეთები არ მთავრდება – ყველა დაკვეთის შესრულება ახალ მოთხოვნას წარმოქმნის, საბოლოოდ კი მობეზრებითა და მიღწეული ქალის გულგრილად ჩანაცვლებით მთავრდება.
14628084_976217389188873_559999243_n
და მაინც, არის თუ არა ემის ან ტომასინის გარდაქმნა პასუხი ძალაუფლებაზე? ისინი არიან სახე ფემინისტისა რომელიც წესრიგის წინააღმდეგ მიდის და კარგად აანალიზებს იმ ტკივილიან გზას რომ ფემინიზმის პრაქტიკები პირველ რიგში წინააღმდეგობის შექმნა, უსამართლობასთან შეურიგებლობის პრაქტიკების გამომუშავებაა, რომლებიც, თავის მხრივ, გარდაუვალს ხდიან ჯადოქრად ან ფსიქოპატად შერაცხვას.

„ალქაჯიცა“ და „დაკარგული გოგონაც“ საშინელებათა ჟანრის ახალი ფემინისტური სურათ-ხატებია – ფსიქოპატი და „ალქაჯი“, რომლებიც თავსმოხვეული წესრიგის სუბვერსიას ამავე წესრგის მიერ შემოთავაზებული პრაქტიკების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულებით, ჭარბი აფირმატიულობით ახერხებენ. სწორედ ამ აზრით გვაქვს სახეზე ახალი ტიპის ფემინისტური ნარატივის გამოჩენა საშინელებათა ჟანრის წიაღში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდის პასიური, გასაგნებული მსხვერპლისა და 90-იანების «ძლიერი ქალის» არქეტიპებს ახალი ტიპის სუბვერსიული გმირით ანაცვლებს. გმირით რომელიც მასზე თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, მოთხოვნებსა და პრაქტიკებს მათი აღსრულების ზედმიწევნით გამაღიზიანებელი სიჭარბით პასუხობს და, რაც მთავარია, ამ სიჭარბეს საკუთარ იარაღად აქცევს.


(Visited 2,031 times, 1 visits today)

გვანცა ხონელიძე