Jessica Jones – სუსტი ქალისა და ძლიერი ქალების შესახებ

Jessica-Jones-Poster

სატელევიზიო სერიალი, ისევე როგორც მისი შორეული წინაპარი, რომანი, ერთ ამბავს ვერ მოგვითხრობს. თუმცა, „ჯესიკა ჯონსმა“ დაამტკიცა, რომ თავისუფლად შეუძლია, ერთი ამბის სხვადასხვა ვარიანტები მოყვეს. ამბავი მანიპულაციაზე და მის სხვადასხვა ფორმებზეა, იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ მათ, ვინც გვიყვარს, ან გვგონია რომ გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ, ან გვგონია რომ ვუყვარვართ.

დედაზე, რომლისთვისაც შვილი მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერის აწყობის საშუალებაა; ლესბოსელ იურისტზე, რომელმაც წარმატებას თავისი პარტნიორის თავგანწირვის ხარჯზე მიაღწია და, უკვე წარმატებულმა, მასთან გაყრა გადაწყვიტა; პოლიციელზე, რომელიც ქალთან ურთიერთობას იმიტომ აგრძელებს, რომ მის სუპერგმირ დას დაუკავშირდეს და მისი დახმარებით ბოროტმოქმედის მოკვლა მოახერხოს. ამბავი მოძალადეებზე და მათ მსხვერპლებზეა. ამ ამბავში მთავარი გმირი, უფრო სწორად, მისი სუპერგმირობა, ძალიან საინტერესო ფუნქციას ასრულებს. ჯესიკას პერსონაჟი ზემოთ ხსენებული პრობლემის უტრირებაა: ის საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ თითოეული სიტუაციის ექსტრემალური შემთხვევა და, შემდგომ, დავსვათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა – რას იზამდა ჯესიკა? მართლაც, რას იზამდა დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი, რომელსაც ცალი ხელით მანქანის გაჩერება და ნახევარი ბარი ხულიგნების ცემა შეუძლია, თუკი ძალადობრივ ურთიერთობაში გაეხვეოდა?

jessica-jones-poster-reviews

‘ჯესიკა ჯონსის’ მიხედვით, მარტო – ბევრს ვერაფერს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მჩაგვრელი მანიპულატორის მსხვერპლის ტიპური ქმედებებია: ადანაშაულებს საკუთარ თავს, გაურბის მეგობრებს, თავისი ფეხით ბრუნდება მოძალადესთან. არც ისაა შემთხვევითი, რომ მისი მოკვლაც (დავიწყება) არ სურს ან არ გამოსდის მთელი სეზონის განმავლობაში. სათქმელი ნათელია: გულუბრყვილო, თინეიჯერი სპორტსმენი გოგონა თუ გამოცდილი სუპერგმირი კერძო დეტექტივი, დაცული არავინაა. სათქმელი იმდენადვე ნათელია, რამდენადაც რთულად მისაღები. ჩვენ, მაყურებლებს, ვინც არაერთხელ შევსწრებივართ მჩაგვრელ ურთიერთობას და არაერთხელ დაგვიხუჭავს მასზე თვალი, ორივე კომფორტულ პოზიციას გვართმევს: აღარც იმის უფლებას გვაძლევს, საკუთარი უმოქმედობა მსხვერპლის დადანაშაულებით გავამართლოთ („სულელი“, „აბა რა ეგონა, მაგასთან რომ იჭერდა საქმეს“ „მოსწონს, ეტყობა, მე რა ვუყო“) და აღარც იმის რწმენას გვიტოვებს, რომ ერთ დღეს ჩვენც არ აღმოვჩნდებით იმავე მდგომარეობაში.

რაკი მსხვერპლი ყველა შეიძლება გახდეს, სერიალს თავისუფლად შეეძლო დაესკვნა, რომ მოძალადეც ყველა შეიძლება იყოს. მისი მთავარი ღირსება კი სწორედ ისაა, რომ ეს არ ქნა. თუკი რაიმე სოციალური პრობლემის სახელოვნებო კვლევა, პირველ რიგში, მასში ნიუანსების, სხვადასხვა პერსპექტივების, ყველას „სიმართლის“ აღმოჩენას გულისხმობს, „ჯესიკა ჯონსი“ ზუსტად ამის საპირისპირო გზით მიდის: ის ცდილობს დეტალურად შეისწავლოს ძალადობრივი ურთიერთობის გარშემო აგებული მთელი მითოლოგია, საგულდაგულოდ ამოჩხრიკოს მასში ზემოთ ხსენებული კომფორტული პოზიციების გასამყარებლად შეკოწიწებული თითოეული გამართლება და სათითაოდ გამოაცალოს მათ საფუძველი. ამბის სხვადასხვა ვარიანტები სწორედ ამისთვისაა საჭირო: ერთი და იგივე კითხვა მრავალჯერ დაისმის და ერთსა და იმავე პასუხს იღებს. გამართლებულია, შვილის ყოველი ნაბიჯი აკონტროლო, თუ იცი, რომ, შედეგად, ის პოპულარობას და სიმდიდრეს მიიღებს? – არა. გამართლებულია, აიძულო პარტნიორი, კარიერულ წინსვლაზე უარი თქვას, თუ იცი რომ შენი წარმატება უფრო წაგადგებათ ორივეს? – არა. გამართლებულია, საკუთარ ნებას დაუმორჩილო საყვარელი ადამიანი, თუ ფიქრობ, რომ „მისთვის ასე სჯობს“? – არა, არა და არა.

latest

ის უარყოფითი პასუხი რომელსაც ჩაგვრის გამართლება იმსახურებს, თავის მართლებასაც იმავე წარმატებით ერგება. აქაც ყველა არგუმენტს ვისმენთ, რაც კი მოძალადეებს ოდესმე გამოუყენებიათ საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად ან სხვებს შეგვითხზავს მათთვის პირის მოსაწმენდად. და ყველა მათგანზე ცალსახად ვასკვნით, რომ ბანალური ტყუილია. ‘ბავშვობაში მშობლები ძალადობდნენ შენზე და არ უყვარდი? – არა, კილგრეივ, მათ მთელ ცხოვრებაზე უარი თქვეს, შენ რომ განეკურნე.’ ‘ფიქრობ, რომ მეც მინდოდა შენთან ? – არა კილგრეივ, ის 12 წამიც კი, როცა არ მაკონტროლებდი, შენგან თავის დაღწევის წარუმატებელი მცდელობა იყო, და არა მორჩილების დასტური.’ ‘შეგიყვარდი და თავიდან ვერ ამოიგდე ფიქრი ჩემზე? – არა, კილგრეივ, შენ უბრალოდ საკუთარ ძლიერებაში დაეჭვება ვერ გადაიტანე.’

vhhgfjhguklukkhuuh

მომენტი, როცა უცაბედად აცნობიერებ, რომ მონსტრი ხარ, არ არსებობს. არც ზრუნვასა და ძალადობას შორის ზღვარია შეუმჩნეველი. სერიალის ყველა მოძალადემ კარგად იცის, რასაც აკეთებს, ყველა ამჟღავნებს თავის ნამდვილ ბუნებას. აქ საკვანძო, ალბათ, ჯესიკას და ტრიშის დედისთვის ნიღბის ახდის სცენაა. ქალი, რომელიც წარმატების მისაღწევად გამუდმებით აკონტროლებდა, ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა დებზე, ტრიშთან მიდის სახლში და უსასყიდლოდ გადასცემს ინფორმაციას საიდუმლო ორგანიზაცია IGH-ის შესახებ. და სწორედ ამ მომენტში, მაშინ, როცა მისი „ადამიანური სახე“ უნდა დაგვენახა, როცა თითქოს უნდა დამტკიცებულიყო, რომ მისი ქმედებები მხოლოდ პირადი ინტერესით არ ყოფილა განპირობებული და მას დებზე უანგაროდ ზრუნვაც შეუძლია, დედა ტრიშს კოსმეტიკურ კომპანიასთან კონტრაქტის დადებას სთავაზობს და კვლავ მის აგენტად გახდომას ცდილობს. ამიტომაც, საბოლოოდ ისიც ისჯება.

ყველა ისჯება, და, ნელ-ნელა, ბევრი ტკივილის ფასად, ჰეფი ენდისკენ მივდივართ, რაკი სხვაგან ვერსად წავალთ. ამ დროს, ხსნა ერთნაირად სჭირდებათ გმირსაც და მაყურებელსაც. ერთი ძალადობის შიშველი რეალობის წინაშე დგება, მეორეს კი ხომ უკვე კარგა ხანია მოეჭრა ყველა გზა, რომლითაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას შეძლებდა. დიდი სისასტიკე, უპასუხისმგებლობაც კი, იქნებოდა მათი აქ მიტოვება. მით უფრო, რომ თუ მთელი სერიალი ძალადობრივი ურთიერთობების გარშემო შექმნილი მითოლოგიის მეთოდური, დაუნდობელი დემონტაჟია, ­­მათთან დაკავშირებული მთავარი, ყველაზე საშიში მითიც უნდა დაინგრეს: მითი, რომელიც გვეუბნება, რომ სიტუაციის ალტერნატივა არ არსებობს; რომ ვერაფერი შეცვლის იმას, რაც თავს გადაგვხვდა; რომ ვერავინ დაგვეხმარება, თავი დავაღწიოთ გარემოებას, რომელშიც აღმოვჩნდით.

1533514250789959970

ჯესიკა ჯონსი იმითაც გამოირჩევა რომ ის ჩაგრულ სუპერგმირზეა, რაც, ზოგადად, სუპერგმირთა ჟანრის კონვენციებს უპირისპირდება. არსებობენ წამებული, ტრავმირებული სუპერგმირები მაგრამ თითქმის არასდროს ვაწყდებით სუპერგმირს, რომელიც ჩაგვრის უძლური ობიექტია მაშინაც კი, როცა სუპერგმირია. ასეთი პერსონაჟებისთვის შორეული ტრავმა და ჩაგვრა ყოველთვის მათი აწმყოს ნაწილია. ისინი სუპერგმირებად ტრავმის შედეგად ყალიბდებიან და მუდმივად ამ ტრავმის მომენტს კვლავაწარმოებენ.

bruce-sees-his-parents-killed

ბეტმენი გამუდმებით ცდილობს და არასდროს გამოსდის, დაივიწყოს თავისი მშობლების სიკვდილი. სუპერმენი რაგინდ ამერიკული ღირებულებების განსახიერება გახდეს, მაინც უცხოპლანეტელია და მისი ერთადერთი სისუსტეც ამასთან არის დაკავშირებული. ჯესიკასთან ასე ვერ იქნება. ტრამვები უნდა მოშუშდეს. ჩაგვრის, მთელი სეზონის განმავლობაში არაერთხელ და არაერთი ფორმით ნანახი, ფლეშბექებით დაბრუნებული, განმეორებული, თითქოს გამართლებული და ბოლოს მაინც გაშიშვლებული ძალადობის წრე უნდა დაირღვეს, ბორკილები უნდა აიხსნას. ჯესიკა ჯონსი გაბედულად უნდა შეეჩეხოს თავის საწყისებს, დაძლიოს ის და ჩვენს წინაშე წარდგეს როგორც თავის წარსულით კი არა, მომავლით განსაზღვრული ქალი, რომელიც მზადაა განვითარდეს და გახდეს ის, ვინც თავად სურს რომ იყოს.

Jessica-Jones-and-Trish-Walker

ამიტომაც გვეუბნება „ჯესიკა“ – „კი, გამოსავალი არსებობს“. ძალადობის სიშიშვლესთან შეჯახება სასოწარკვეთის კი არა, თავისუფლების წამია. მომენტი, როცა ბოლოს და ბოლოს ხედავ იმას, რაც თვალწინ გედგა და ვერ ამჩნევდი – ადამიანს, ვინც ყოველთვის მზად იყო, და ვისაც ყოველთვის შეეძლო, დაგხმარებოდა. მისგან გაქცევა ყველაზე დიდი შეცდომაა იყო და გამარჯვებაც მხოლოდ მასთან ერთად არის შესაძლებელი. და სულაც არ არის აუცილებელი, ეს ადამიანი ახალი პარტნიორი იყოს, თუნდაც ისეთი კარგი, მზრუნველი, ყურადღებიანი, სექსუალური, როგორიც ლუკია. შენ არ ხარ მარტო, და არც ისაა აუცილებელი, რომ შენი წინააღმდეგობის მეგზური რომანტიკულ ინტერესს აღგიძრავდეს. გაიხსენე, შენ დაც გყავს, ვინაც იგივე გზა გამოიარა და შეუძლია გაგიგოს, ვისაც შენზე ზრუნვა არ უშლის ხელს, თანასწორად აღგიქვას, ვისი სიყვარულიც შენდამი უფრო მეტს გასცემს, ვიდრე მოითხოვს. მიდი მასთან, რადგან მოძალადე მამაკაცი, სულ რომ საკუთარი დნმ-იდან სინთეზირებული სუპერ-ბუპერ ელექსირით გაიჭყიპოს, მაინც ვერ დაამარცხებს ორ ქალს, რომელთაც ერთმანეთი ძლიერ უყვართ.

(Visited 327 times, 1 visits today)

თორნიკე ჭუმბურიძე