The Lobster – ბრმა სიყვარული

4492

2015 წლის ერთ-ერთ შესანიშნავ ფილმში, “ლობსტერში,” იორგოს ლანთიმოსი ქმნის ანტიუტოპიური ჟანრის სურათს, პირობითად – წარმოუდგენლად ცუდ სამყაროს. თუმცა, რეჟისორი არსებული რეალობიდან სხვა სამყაროში არ გადის და ავთენტურ გარემოში ხაზავს „წარმოუდგენელ“ შტრიხებს.

გმირები ერთ დიდ სასტუმროში თანაარსებობენ და მისივე ინტერიერის უსულო საგნები ხდებიან. მათი თვითიდენტიფიკაცია მარტოსულობის ხაზით შემოიფარგლება. სასტუმრო კი მათი დაწყვილების დამხმარე მექანიზმი უნდა გახდეს.

თავდაპირველად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამაში ცუდი არაფერია, სასტუმრო ხომ სიყვარულის პოვნაში ეხმარება ადამიანებს. მაგრამ რეჟისორი მალევე გვასხამს ცივ წყალს და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გადაიქცეს ეს სივრცე მჩაგვრელ სისტემად.   საზოგადოების ბატონებს არ სურთ ინდივიდებმა დასვან შეკითხვები, მიენდონ საკუთარ მაჯისცემას ან მოუნდეთ აჯანყება. მათ სურთ შიშები, ტკივილი და შინაგანი ბრძოლის ჟინი ჩაახშონ მოჩვენებითი თუ ამორფული “სიყვარულით“. ამ შემთხვევაში გარანტი დაწყვილებაა, ადამიანები კი – საჯიშე ცხოველები, რომელთა ერთადერთი დანიშნულება დაოჯახება, გამრავლება და ამ სისტემის გამყარებაა. ნორმიდან გადახვევა მარგინალიზაციის წინაპირობა ხდება. ჩარჩოები და სასტუმროს პარადიგმა კი სიყვარულის ნაცვლად მუდმივ აპათიასა და მაჯისცემის დასტაბილურებას, სხვა სიტყვებით – ადამიანის რობოტად გადაქცევას ნიშნავს; სასტუმროს ანტიუტოპიური და უტრირებული ნიშა კი ჩვენივე სამყაროს ერთგვარ ალეგორიად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, სადაც უიმედოდ დარჩენილ ადამიანს ტყუილითა და სხვადასხვა „დახმარებებით“ კვებავენ. სახელმწიფო აპარატი მზრუნველობითი ხასიათით სასტუმროს ადმინისტრაციას ემსგავსება; ესთეტიკურად ამ ხატს აძლიერებს ბუნებრივი განათება, მხატვრის ღია პალიტრა (ნაცრისფერისა და ცისფერის დომინაცია) და მგრძნობიარე კამერა, რომელმაც იცის, როდის იმოძრაოს და როდის მიენდოს გმირების ჟესტიკულაციებსა თუ „აფეთქებებს“. რასაც ისინი არ გვეუბნებიან, მთხრობელი, (რომელიც რეიჩელ უაისის პერსონაჟი აღმოჩნდება) გვიყვება და, ხანდახან, მათზე უფრო კომიკურიც ხდება. კლასიკური მუსიკა ბერძნული ახალი ტალღის მელოდიებით იცვლება, შემდგომ კი კოლინ ფარელის ღიღინით.

pic1

ლეიტმოტივად ფილმს პატარა „გუგუნი“ გასდევს, რომელსაც დაძაბულობის შექმნა „ევალება“, თუმცა საბოლოოდ ისიც ტრაგიკომიკურ ხაზს აგრძელებს. ამის მიზეზი მისი კონტექსტიდან ამოვარდნილობა და მოულოდნელობაა. შესაბამისად მისი ხშირი „გამოყენება“ აბსურდს აძლიერებს. ამას გარდა, ვფიქრობ, რეჟისორის მხრიდან ეს ერთგვარი ცინიკური გადაძახილია კლასიკურ თრილერზე.

pic2

საინტერესოა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა ნიშნით წყვილდებიან პერსონაჟები სასტუმროში და, ამასთანავე, რა ბერკეტებს ფლობს სისტემა – რა პოლიტიკას ატარებს სასტუმროს ადმინისტრაცია. კავშირი გმირებს შორის მათი ფიზიკური თუ მორალური ნაკლის მეშვეობით მყარდება. ნაკლულობა ურთიერთობის დაწყების წინაპირობა ხდება. სასტუმროს ერთ-ერთ ბინადარს სისტემატიურად მოსდის ცხვირიდან სისხლი, მის პოტენციურ ქმარს კი ხელოვნურად უწევს მსხვერპლის გაღება (ცხვირის დაზიანება) რათა კონტაქტი შედგეს. იმავე გზით წყვილდებიან სხვა გმირები.  ეს ნარატივი შეიძლება წავიკითხოთ რეჟისორის მცდელობად, ერთი შეხედვით უწყინარი დეტალით გააშიშვლოს საზოგადოება, კომიკური ხაზი კი ტრაგიკული ნარატივით ჩაანაცვლოს.  ნაკლულობა სწორედ იმ საზოგადოებრივი სისტემის საყრდენია, რომელიც ხშირად არა სიყვარულისა და თანადგომის, არამედ ფსევდო-სიბრალულისა და იერარქიულობის ინსტრუმენტი ხდება. მაგალითისთვის, „სრულყოფილი“ ინდივიდი თანადგომას გამოუცხადებს გარკვეული უნარის არმქონე პირს, თუმცა მოერიდება ამ ადამიანთან ახლო კონტაქტის დამყარებას. ლანთიმოსი ამ  კრიტიკას ადამიანის იძულებასა და არჩევანის არქონას უმატებს და პრობლემის ყოფიერ საფუძვლებზე მიგვანიშნებს.

სიყვარულის მაძიებლებს 45 დღე აქვთ დასაწყვილებლად. თუ არ გაუმართლებთ, მათ ან ცხოველებად გადააქცევენ (ამაზე მოგვიანებით), ან ტყეში გაქცევა მოუწევთ. გაქცეულებზე ნადირობა სასტუმროს ბინადრებს მათთვის გამოყოფილ დღეების რაოდენობას უზრდის. ადმინისტრაცია ჯგუფს ცხოველების არჩევას თხოვს, თუ რომელ ცხოველად გადაქცევას ისურვებდნენ კრახის შემთხვევაში. ფილმის პროტაგონისტი, დევიდი, (კოლინ ფარელი) ლობსტერს ირჩევს, როგორც ნაყოფიერებისა და ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოს. ვფიქრობ, არჩევანს მისი უკვდავობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა განაპირობებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს სწრაფვაც ფასადურია, სწორედ იმიტომ რომ ბედნიერება ფილმში ასახულ სივრცეში შეუძლებელია.

დავუბრუნდეთ სასტუმროს და ადმინისტრაციას: ლანთიმოსი გვიჩვენებს, რა ხერხებით ცდილობენ დაარწმუნონ გმირები მარტოსულობის განწირულ უალტერნატივობაში. ცალი ხელის „გაუქმება“ ნიშნავს, რომ მამაკაცი მეორე ნაწილის გარეშე ნაკლულია. ის ვერ იქნება ბედნიერი. უნებლიე მასტურბაცია კი აქ ხელის დაწვით ისჯება და ცოდვის ან დანაშაულის სახეს იძენს. რეჟისორი გვანახებს პატრიარქალურ სისტემას, სადაც მარტოსული ქალი განწირულია მუდმივი ჩაგვრისა და გაუპატიურების მცდელობებისთვის.  ქალი ხდება ობიექტი, რომელსაც სჭირდება მამაკაცი, არა სიყვარულისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჰყავდეს პირადი მცველი. შესაბამისად, ეს ხელოვნური გზა რეპრესიული მექანიზმი და რეალური ემანსიპაციის მტერი ხდება. სასტუმროს დახურული სივრცე ჰერმეტული, გასაგნებული ფიზიკური რეალობის მეტაფორად იქცევა.

pic3

სასტუმროსთან დაპირისპირებულ სივრცეს ტყე – თავისუფლების ერთგვარი სიმბოლო – წარმოადგენს. ამ ანარქიულ გარემოში ლანთიმოსი პოეტი ხდება და ცდილობს სამყაროს თითოეული დეტალის ახსნას, იმის ლუსტრაციას, რა უშლის ხელს წინააღმდეგობაში შესულ რადიკალურ მხარეს რეალური გამარჯვების მოპოვებაში. ტყეში გაქცეული მთავარი გმირი ცდილობს მოერგოს ახალ გარემოს, რომელიც, ერთი შეხედვით, სასტუმროსგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთივე რეპრესიულობით ხასიათდება. დევიდს ტყის სისტემის ბელადი (ლეა სეიდუ) უხსნის ახალ წესებს. პირველი წესი – „არანაირი რომანტიული ურთიერთობა არ შეიძლება მარტოხელებს შორის, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ისჯება. საცეკვაო საღამოებზე ყველანი ჩვენ-ჩვენთვის ვცეკვავთ, ამიტომ ვუკრავთ მხოლოდ ელექტონულ მუსიკას“. ლანთიმოსი აქაც ადამიანის მარტოსულობას უსვამს ხაზს და გვანახებს კარიკატურულ ცეკვას.

pic4

ცეკვა შესაძლებელია გახდეს ემანსიპაციის სიმბოლო და რევოლუციის აუცილებელი ნაწილი. მაგრამ ფილმში ეს აქტი სისტემის მიერ დადგმულ სპექტაკლად და ფასადურობის ალეგორიად გვევლინება, სადაც პერვერსიასა და დაშვებულს შორის წყალგამყოფს ინდივიდის ნაცვლად წესრიგი ავლებს. თუ სასტუმროს ადმინისტრაცია ხელოვნურ სიყვარულს ქმნის, ტყეში თავისუფლების მითი, არარეალური თავისუფლება იკვეთება. აქაც იერარქიებს, მოჩვენებით ემანსიპაციას, სიყალბეს ვხვდებით – გმირები კი კვლავინდებურად მარტოსულები რჩებიან. ისინი ვერ საუბრობენ საერთო პრობლემებზე, ვერ ახერხებენ შიდა აჯანყების ორგანიზებას. თავად კოლინ ფარელის გმირი კი, სასტუმროდან გამოსვლის შემდგომ, სადაც იგი ნიჰილისტ და ინფანტილურ გმირად გვევლინებოდა – ტყეში   რომანტიკოსად გარდაიქმნება. მის გარდასახვასა და კონტექსტიდან ამოვარდნილ ფრაზებს მელანქოლიური ხასიათი ემატება. ამ გარდასახვის მიზეზი რეიჩელ უაისის გმირია. დევიდსა და მას სწორედ ამ სიყალბიდან გასაქცევად სჭირდებათ არავერბალური ენის გამოყენება, რისი მეშვეობითაც შეუძლიათ უთხრან ერთმანეთს „მე შენ მიყვარხარ“, ან „მინდა შენს მკლავებში ვიცეკვო“ . საბოლოოდ ამ ფარული გზით გადიან გმირები რევოლუციის გზას , უჩნდებათ პროტესტი და ერთმანეთი უყვარდებათ. ამ სამი ცნების გადაკვეთის ადგილი მათი შინაარსია – არ დაემორჩილონ არსებულ წესებს.

the-lobster-movie

ლანთიმოსი გვაჩვენებს, თუ როგორ ცდილობენ ტყის ბინადარნი გამოაშკარავონ სასტუმროს მანკიერება, დაანგრიონ მოჩვენებითი ოჯახური ბედნიერება. ამ ყველაფერს კი ძალადობრივი მხილების მეშვეობით, (წყვილის ურთიერთობა სიცრუესა და დათმობაზე დგას) ან უფრო რადიკალური გზით ახერხებენ. „რამდენად ძლიერად გიყვარს, 15 ბალიანი სისტემიდან?“ – გაისმის შეკითხვა მამაკაცის მისამართით, რომელსაც მისი პარტნიორის მოკვლას ავალებენ. „თოთხმეტი“ – გვესმის პასუხი. შემდგომ მას ცოლისკენ მიმართული იარაღით ხელში ვუყურებთ (იარღში ტყვია არ დევს).  მართალია ჩახმახი არ გაისვრის და ქალი არ კვდება, მაგრამ კვდება ურთიერთობა. ამ ხაზს კი ემატება ისიც, რომ მამხილებელი კლასიც ამ შემთხვევაში იმავე სიყალბეში ცხოვრობს და, საბოლოო ჯამში, ჩაგრულები მჩაგვრელ სისტემას ქმნიან. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ცრუ და ძალადობრივი წრიდან გასასვლელ ბილიკს.  ლანთიმოსი ყოველგვარ იმედს გვიკლავს, როდესაც – ალბათ ფინალურ სცენასთან ერთად – ყველაზე მნიშვნელოვან სცენას გვანახებს. საუბარი მაქვს ეპიზოდზე, სადაც დევიდი წინასწარ თხრის საკუთარ საფლავს და, ბელადის ბრძანების შემდგომ, შიგნით წვება.

ჩემთვის აქ დაინგრა მითი უკვდავების (ლობსტერის ხანგრძლივი ცხოვრების) შესახებ და დავინახე ერთგვარი სკეფსისი იმ „უტოპიისა“, რომელზეც მემარცხენეები ხშირად ვსაუბრობთ. ჩვენ ვგლოვობთ არა მხოლოდ დევიდის ცოცხლად დამარხვის (თუ სამომავლო დამარხვის), არამედ საკუთარი დამარცხების, განთავისუფლების იდეის დამარაცხების აქტს. ვშიშობთ, რომ სისტემის ჩამოშლა და განახლება შეუძლებელია და ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის მმართველი კლასი დარჩება. ლობსტერის ხანგრძლივი ცხოვრების სარგებლიანობაც ილუზორულია, რადგან ლობსტერად ცხოვრება უკვე ერთგვარი სასიკვდილო განაჩენია, რომლის გაკეთილშობილებაც შეუძლებელია.  სწორედ ამის გადააზრების შემდგომ უჩნდება დევიდს გაქცევის სურვილი.

11199399_417058061806422_2132498117_n

დასასრულს კი გავიხსენოთ ფინალური სცენა: დაბრმავებული რეიჩელ უაისის გმირი და დევიდი მაგიდასთან სხედან. სიყვარულის გაგრძელების ერთადერთი გზაა მამაკაცმაც დაკარგოს სინათლე. მართალია ისინი სასტუმროდან და ტყიდან „მესამე სამყაროში“ გაიქცნენ, ეს სივრცეც წინა ორი სივრცის გაგრძელებაა, რადგან ურთიერთობის მომავალი დაბრმავების აქტზე გადის. მათი გაქცევის აქტიც ფორმალურ ხასიათს იღებს და ახალი რეალობის ილუზიას ქმნის. ლობტერს სამი არჩევანი – თავის დაბრმავება, სიბრმავის იმიტაცია და გაქცევა – აქვს. ფინალურ სცენაში მას ტუალეტში, დანით ხელში, ვუყურებთ. თვითდაბრმავების აქტი იწელება, კადრი პერიოდულად ფოიეში მჯდომ ქალზე გადადის , შემდგომ მამაკაცზე, დანაზე და თვალზე. ბოლოს კამერა ქალს უმზერს, ეკრანი ათიოდე წამით ბნელდება, და ტიტრები ჩნდება.  მე ვიცი რა გზა აირჩია ლობსტერმა.

რისთვის სჭირდება დევიდს დაბრმავება? ერთი შეხედვით  ფიზიკური განსხვავებულობის დასანგრევად. მეორე მხრივ კი იქნებ სწორედ იმისთვის, რომ შეყვარებულში საკუთარი თავი, საკუთარი სიბრმავე და უიმედობა ვეღარ დაინახოს?

(Visited 1,070 times, 1 visits today)

ალექსანდრე გაბელია