‘სიყვარული’ და საზოგადოების ინფანტილიზაცია

love-movie-gaspar-noe-02

“იქნებ ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც თავი გვეგონა. იქნებ ეს ყველაფერი ნეხვია.” – ამბობს გასპარ ნოეს ‘სიყვარულის’ მთავარი გმირი მერფი, რომელიც დამწყები რეჟისორია. გასპარ ნოეს ჩვეული ილეთებიდან გამომდინარე, ეს ფრაზა შეიძლება წავიკითხოთ როგორც ირონიული მეტაკომენტარი თავად იმ ფილმზე, რომელსაც ვუყურებთ. ოღონდ მისი გულწრფელი წაკითხვა უფრო ზუსტ შეფასებამდე მიგვიყვანს: გასპარ ნოე საშუალო დონის რეჟისორია, ‘სიყვარული’ კი – შიგადაშიგ ლამაზი, მაგრამ მაინც უაღრესად ბანალური ფილმი. ბანალური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პორნოგრაფიული.

მაგრამ, რამოდენიმე კვირის წინ, გაურკვეველი ‘გამოძიების’ შემდგომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპირისპიროს დამტკიცებას შეეცადა და განაცხადა, რომ ‘სიყვარული’ პორნოგრაფიაა. რაკი რთულია, გასპარ ნოე პოპულარულ კულტურად გაასაღო, ‘სიყვარულის’ დეტალური წაკითხვა AHA!- ს ჩარჩოებიდან შორს გაგვიყვანს. მაგრამ სანამ წერილის მთავარ თემას, ‘პორნოგრაფიის მოსამართლეებს’, დავუბრუნდები, ორიოდე სიტყვას მაინც შემოგთავაზებთ თავად ფილმის შესახებ.

ჩემთვის ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი კინემატოგრაფია იყო, რომელიც საყურადღებოდ ეთამაშებოდა წითელი ფერის მოტივს და მიკრო-მონტაჟის პრინციპს, რაშიც დროსა და სივრცეში სცენის სვლის ერთწამიანი ნახტომებით დარღვევას ვგულისხმობ. რაც შეეხება შინაარსს, ტიპიური სიყვარულის ისტორიის ასახვამ კინაღამ მოწყენილობისგან დამაძინა და სექსუალური აქტების ლამაზმა, გრაფიკულმა სცენებმაც კი ვერ გამომაღვიძეს.

650_1200

გასპარ ნოეს სხვადასხვა ინტერვიუებში უთქვამს, რომ ფილმს მთავარი აზრი არ აქვს და არავითარი ‘გაკვეთილის’ რეპრეზენტაცია არ სურდა. მეც ვერ დავინახე ‘გაკვეთილი’ ‘სიყვარულში,’ რაც თავისთავად პრობლემა არ არის, რადგან დიდაქტიკა და ‘გაკვეთილურობა’ ხარისხს იშვიათად უკავშირდება. მაგრამ ფილმი მაინც თამაშობდა ისეთი კლიშეებით, როგორებიცაა: ‘სიყვარული ჰგავს ნარკოტიკს’; ‘სიყვარული ტკივილია’; ‘სიყვარული პარალიზის საბაბია’ და ა.შ. ჩემთვის ფილმი არაფრით ცდებოდა მოყვარული ფილოსოფოსების წარმოდგენებს სიყვარულზე. ფილმში, თემატურად, დამაინტერესა მხოლოდ ახალმა ვერსიამ მეოცე საუკუნის ტროპისა, რომელსაც ‘ამერიკელი პარიზში’ ქვია. ამ ტროპის საფუძველი ამერიკელ მწერალთა და მოღვაწეთა მოგზაურობებიდან იღებს სათავეს – ხალხისგან, რომელთათვისაც პარიზი ხშირად სექსუალური თამაშის მოედანს წარმოადგენდა. თომას ჯეფერსონი, ბენჯამინ ფრანკლინი, მარკ ტვენი, და განსაკუთრებით მოდერნიზმის პერიოდის ამერიკელ მწერალთა პლეადა, რომელშიც სხვებთან ერთად გერტრუდა სტაინი, ჰემინგუეი, და ფიცჯერალდიც შედიოდნენ, პარიზში განსაკუთრებულ თავისუფლებას, სექსუალობას, და შთაგონებას პოულობდნენ. 1951 წელს კი გერშვინის მუსიკის მიხედვით გადაღებულმა მიუზიკლმა ამ პერსონაჟის, ‘პარიზში ჩასული რომანტიკოსი ამერიკელის,’ ერთ-ერთი ქრესტომათიული ვერსია ჩამოაყალიბა.

Dance-Paris-10-29-13still-of-gene-kelly-in-an-american-in-paris-(1951)-large-picture

ამ ტროპის გაგრძელებით ნოე კვლავ ორ კულტურულ სივრცეს აპირისპირებს, მაგრამ, ამჯერად, მხიარული რომანტიკოსის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ტანჯულ რომანტიკოსს, რომელიც ამერიკულ პურიტანიზმსა და ფრანგულ ლიბერტინიზმს შორის გახლეჩილა.  საინტერესოა, რომ ამერიკის და საფრანგეთის პოლიტიკური თავისუფლება ისტორიულადაც არის გადახლართული, რადგან სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში (ამერიკის რევოლუციის და მეორე მსოფლიო ომის დროს) ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთმანეთის გათავისუფლებაში. თუ გასპარ ნოეს ეს ფრანგულ-ამერიკული გადაწნულობა სექსუალურ შრეზე გადააქვს, გამოდის რომ სიყვარული უნივერსალურია, ხოლო პურიტანიზმი და ლიბერტინიზმი – განუყოფელი. მაგრამ, საბოლოოდ, ესეც უაღრესად ბანალურ აზრად მეჩვენება და მსუბუქ თვლემას მგვრის.

მოკლედ, ფილმი შედევრი არ არის. მაგრამ არის თუ არა ის პორნოგრაფია, იმიტომ რომ გრაფიკულ სექსუალურ აქტებს შეიცავს? ამ შეკითხვაზე შსს-მ დადებითი პასუხი გასცა. სწორი პასუხი კი, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე არის არა! იმის განმარტება, თუ რატომ არის ‘სიყვარული’ ხელოვნების ერთგვარად ბანალური, მაგრამ საინტერესო ნიმუში და არა პორნოგრაფია, შორს წაგვიყვანს, ანუ იქ, სადაც ხელოვნების ისტორიიდან მაგალითების ტყეში დავიკარგებით.

Satyr

01edb78817ac2f38fda08c35c110e31f

939

საკმარისია მშვიდად შევნიშნოთ ის, რომ სქესობრივი ურთიერთობისა და ძალადობის რეპრეზენტაციებს თანამედროვე სამყაროში განსხვავებული რეაქციები მოჰყვება ხოლმე და ეს ორმაგ სტანდარტს და სექსისადმი საზოგადოების დამახინჯებულ დამოკიდებულებას ამხელს – განსაკუთრებით თუ პირობითად მაინც ვთანხმდებით იმაზე, რომ სექსი უფრო ‘ბუნებრივია’, ვიდრე ძალადობა; ან, სულ მცირე, ორივე ადამიანის (მაყურებლის) თანასწორ ვნებას წარმოადგენს. ქართულ კულტურულ სივრცეში ეს ორმაგი სტანდარტი და ხელისუფლების ორპირობაც ბევრმა შენიშნა. მაგალითად, ჩემს ფეისბუკ ფიდში არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფარისევლობას, რომ ‘სიყვარულის’ პორნოგრაფიად შერაცხვა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, საჯაროდ აჩვენებდენ ადამიანების წამების კადრებს. (ამ ორპირობის მხილებისას იმას არ ვგულისხმობ, რომ წამების კადრებზე თვალები უნდა დაგვეხუჭა. პირიქით, კადრებთან კონფრონტაციის ზოგადი შიში საზოგადოებისთვისვე იქნებოდა კონტრპროდუქტიული.) კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა კულტურის სამინისტროს ფუნქციაც ხელოვნებასთან მიმართებით. რა არის ამ უწყების ფუნქცია – მორალიზება, აკრძალვა და დევნა, თუ ხელოვნების დაცვა იმ ჯგუფებისგან, რომლებიც თავიანთი შეზღუდული ხედვის გაბატონებისთვის იბრძვიან? ან საერთოდ როგორ გამოიყურება ხელოვნება რომელიც ყველასთვის მისაღებია?

მოკლედ, დებულებად მივიღოთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელოვნება ცუდად ესმის და ‘სიყვარულთან’ მიმართებაში მიჰქარავს, და შევხედოთ იმას თუ რატომ და როგორ მიქარავს.

ჩემი წაკითხვით შსს მიერ ‘სიყვარულის’ პორნოგრაფიად შერაცხვის მცდელობა საქართველოს საზოგადოების ინფანტილიზაციის ნაწილი და მამის კომპლექსის მორიგი გამოვლინებაა. სამწუხაროდ ისევ ვუბრუნდებით ერეკლე დეისაძის მიერ ლაკონურად დასმულ დიაგნოზს – ‘რაც მამას უნდა.’

maxresdefault

ამ შემთხვევაშიც საქართველოს ხელისუფლება გვევლინება ამკრძალველ სიმბოლურ მამად, რომელიც საზოგადოებას აღიქვამს შვილად, რომელსაც მისი შეზღუდული აზროვნების ან განვითარების გამო სექსუალობასა და მის რეპრეზენტაციაზე წვდომა უნდა შეუზღუდოს. შსს-ს ქმედება მეტყველებს საზოგადოების სწორედ ასეთ ინფანტილიზაციაზე, რომელიც ზოგადად კონსერვატიულ და, დღევანდელ ქართულ კონტექსტში, მემარჯვენე პოზიციას გამოხატავს. მაგრამ, თუ ეს ასეა, გამოდის, რომ მივდივართ ირონიულ პუნქტამდე: ტრადიციულად, მემარჯვენე იდეოლოგია ხომ თავად ადანაშაულებს მემარცხენეებს საზოგადოების ინფანტილიზაციაში. ასეთი ხედვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ნეგატიური ტერმინი, რომლითაც მემარჯვენეები მემარცხენეთათვის იდეალურ სოციალურ წყობას მოიხსენიებენ: ‘The Nanny State’ (ძიძა სახელმწიფო). ეს ტერმინი გამოხატავს იდეას, რომლის მიხედვითაც სოციალური პროგრამები, საყოველთაო დაზღვევა, ეკონომიურად ჩაგრული ფენების დახმარება და მსგავსი მოთხოვნები საზოგადოებას უძლური შვილის, ხოლო ხელისუფლებას ყოვლისშემძლე, თავისუფლების აღმკვეთი მშობლის პოზიციაში აყენებს.

Nanny-State

The-Nanny-State

მაგრამ ამ კრიტიკას ძირს უთხრის მისი გენდერული ასპექტი, რომელიც თავად ტერმინში ‘ძიძა სახელმწიფო’ გამოიხატება. შემთხვევითი არ არის, რომ მემარჯვენე პერსპექტივიდან მემარცხენე პოზიცია ქალის, ძიძის ხატით აღინიშნება. ამ სემანტიკურ შრეში მემარცხენეობა ასოცირდება ქალთან, ძიძა-დედასთან, (რომლის საპირისპირო, მამის როლს, კონსერვატიზმი ირგებს) რათა მას დაუკავშირდეს ის მანკიერი ასპექტები, რომელთაც სტერეოტიპული კონსერვატიზმი ქალის ფიგურაში ხედავს: სისუსტე, ზედმეტი და მავნებელი მგრძნობიარობა, მზრუნველობა, ემპათია და სიყვარული. ანუ მემარჯვენე პოზიციიდან სამყარო დაყოფილია მანკიერად იერარქიულ როლებად: მემარჯვენე – მკაცრ, მაგრამ უსფრთხოების უზრუნველმყოფ მამად, რომელიც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მოთხოვნით ვითომდა ზრდასულად წარმოისახავს საზოგადოებას; მემარცხენე – სუსტ, ემოციურ დედად, რომელსაც საზოგადოების ინფანტილიზაციაში ედება ბრალი; და საზოგადოებად – ბავშვებად, რომლებიც ამ ბინარულ როლებს შორის აკეთებენ არჩევანს.

მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, სექსისტური მექანიზმების მეშვეობით მემარცხენე მსოფმხედველობის ‘გაქალება’ სწორედ მემარჯვენე იდეოლოგიის უპირატესობის წარმოჩენას ემსახურება. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების განმტკიცების ხრიკი, იმდენად, რამდენადაც სიმბოლური მამა იერარქიის მწვერვალად მოიაზრება. საზოგადოების ინფანტილიზაცია მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და ნებისმიერი მიმართულებიდან არასასურველია. მაგრამ, მემარცხენეობის მიერ უოლ-სტრიტის თვითნებობის აღკვეთა, იარაღზე კონტროლის დაწესება და ა.შ. ინფანტილიზაციად არ უნდა გავიგოთ, რადგან ის ზრდასრულ ადამიანთა შორის თანასწორი ურთიერთობის რეგულირებას ემსახურება.

არადა ზრდასრულ სუბიექტებთან ურთიერთობა ხშირად საშიშია ძალაუფლებისთვის. ამის მკაფიო მაგალითს სულ ახლახან გადავაწყდით, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #115 აუდიტორიაში წამოწყებულ სტუდენტურ მოძრაობას უამრავი მიმართულებიდან სხვადასხვა პირები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ‘ბავშვებს’ ან ‘ინფანტებს’ უწოდებდნენ. ამ სერიიდან ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი იყო ფრაზა, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მხიდან გაჟღერდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოლაპარაკებას დათანხმდა: “ვერავინ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს კი უფროსები მივხედავთ.” იმპლიციტურად სტატუს-კვოს მომხრე ხელისუფლება, ხელისუფლება რომელიც მამის აღმკვეთ ძალაუფლებას წარმოადგენს, სტუდენტებს ‘ინფნანტებს’ უწოდებდა. ეს იმ სტუდენტებს, რომელთაც თავიანთი მომავლის დაგეგმარებაში უნდოდათ აქტიური მონაწილეობის მიღება. სწორედ ეს სურვილია ზრდასრული, ‘უფროსი,’ ადამიანების ნიშანი.

რა კავშირშია ‘ინფანტილიზაციის’ ზემოთ ნახსენები მექანიზმები გასპარ ნოეს ‘სიყვარულთან’? მგონი კავშირი აქ ისაა, რომ ეს ფილმიც, კარგად თუ ცუდად, სწორედაც რომ ინფანტილური ურთიერთობებიდან ზრდასრულ დამოკიდებულებებზე გადასვლის პრობლემას ეხება. ფილმში რომ მიმზიდველ ქალთა სიშიშვლე ყოფილიყო ასახული (რაც პარტიარქალური წყობის მზერაში მშვენივრად ჯდება), მას ძალაუფლება არც კი შეიმჩნევდა, რადგან ეს სწორედ ის იქნებოდა რაც მამას უნდა: გაობიექტებული დედა/ქალი, რომლისადმი ვნება და რომელზეც წვდომა მისი ძალაუფლების დასტურია. მაგრამ სექსი ზრდასრულ ადამიანებს შორის ამ მანკიერი ძალადობრივი სისტემის გარეთ, რომლის გამართლებისას ვითომდა ‘ტრადიციული’ ოჯახის სიწმინდის იდეას მივმართავთ, საშიშია იმ ძალაუფლებისთვის რომელიც თავად ამ სისტემას ეფუძნება.

958663_ori

შიშზე დაფუძნებულ მიდგომას იმ ადამიანების ლოგიკაც ადასტურებს, რომელთაც გარკვეული პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, საზოგადოების შანტაჟი ფარული კამერებით გადაღებული კონსენსუალური სექსის კადრებით სურთ. შანტაჟის ეს ლოგიკაც საზოგადოების ინფანტილიზაციას ეფუძნება: თითის გაშვერა თითქოსდა ‘შემაშფოთებელი’, ‘ვულგარული’ კადრებისკენ ბავშვისთვის თუ იქნება სკანდალური. მაგრამ განა გასპარ ნოეს ფილმი იმავეს არ აკეთებს, როდესაც ზრდასრულ ადამიანთა საძინებელში იჭყიტება? არა, რადგან ‘სიყვარული’ სექსუალურ აქტს ზრდასრულ ადამიანთა სასიყვარულო ურთიერთობად და არა ბინძურ საქციელად წარმოაჩენს.

‘სიყვარულის’ პორნოგრაფიად გასაღებას, სტუდენტთა გაბავშვებასა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროვებას ინფანტილიზაციის ლოგიკა აერთიანებთ. სამივე შემთხვევაში საქმე გვაქვს კონსერვატიულ ხედვასთან, რომელშიც ინფანტილიზაციისა და აღკვეთის პრინციპები ერწყმიან ერთმანეთს.

კონსერვატიული ინფანტილიზაციისგან თავის დაღწევა სასურველი და შესაძლებელია. მაგრამ პირველ რიგში საჭიროა იმის გააზრება რომ ‘ძიძა/დედის’ კონცეპტიც მამის წარმოსახვითი ხედვის ნაწილია. არ არსებობს ‘ძიძა სახელმწიფო,’ რადგან ის მემარჯვენე მამის სექსისტური მზერის კონსტრუქციაა. არსებობს ზრდასრულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც, დიახ, ერთმანეთთან სექსი და ‘სიყვარული’ სურთ, რაც არ უნდა ბანალური იყოს ეს.

(Visited 1,981 times, 1 visits today)

შოთა პაპავა