Mad Marx – მაქსიდან შეშლილ მარქსამდე


mad_marx

„იცი, იმედი შეცდომაა. იმის გამთელება თუ არ შეგიძლია, რაც გატყდა, შენ… შენ შეიშლები.“
ჰოლივუდი თვალს გვჭრის და გვეთამაშება. მისი შემოთავაზებები ყოველთვის უფრო მაცდური და ცბიერია, ვიდრე თვითონ აქვს ჩაფიქრებული. სათამაშოები რომლებსაც ცისფერი ეკრანიდან გვიგდებენ ხელში ყველაფრად შეიძლება გადაიქცნენ – ყვავილების თაიგულიდან პისტოლეტამდე, ადამ სმიტიდან – მარქსამდე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზერა რომელსაც ჰოლივუდს მისსავე წამოწყებულ თამაშში ვუსწორებთ, ყოველთვის კომიკურობისთვის არის განწირული. შესაბამისად ეს ტექსტი არა რეკომენდაცია, ან რომელიმე პოზიციის თუ იდეოლოგიური მონახაზის კრიტიკა, არამედ ინტერპრეტაციის შემოთავაზებაზე დათანხმებაა.

ჩემი ამოცანა, არ არის ყველა იმ დიალოგის წაკითხვა, რომელშიც „შეშლილი მაქსი“ სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელ მაყურებელთან შედის, სხვა რომ არაფერი, ეს შეუძლებელიც იქნებოდა. მაგრამ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ეუბნება მაქსი მარქსისტულ ცნობიერებას, ვის ბრძოლაზე და როგორ რევოლუციაზე გველაპარაკება ის.
b40549d0-14b6-4b35-98d5-eb9e74c65e95

პირდაპირი კითხვა, რომელიც იდეოლოგიის კრიტიკისა და მარქსის მოყვარულებმა „შეშლილი“ მაქსის ორ ძირითად ხაზს – შეშლილობას და რევოლუციას უნდა დაუსვან ასე ჟღერს: შესაძლოა თუ არა შეშლილი მაქსის რევოლუციური ჩანჩქერებიდან ერთი წვეთი რევოლუციური შეშლილობა მაინც გამოვწუროთ?; და თუ მაქსის შეშლილობა არ არის რევოლუციური, მაშინ როგორია ის?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „შეშლილი მაქსის“ ძირითადი სიუჟეტი პირდაპირ იმეორებს იმას, რასაც შეგვიძლია იდეოლოგიის ცარიელი კონტეინერი ვუწოდოთ. ეს კონტეინერი ნებისმიერი შინაარსით შეიძლება შეივსოს მაყურებლის იდეოლოგიური გემოვნების მიხედვით. იმორტან ჯოს პატრიარქალური ტირანიის უკან თანაბრად შეიძლება იმალებოდეს სტალინი, ჰიტლერი ან კაპიტალისტური კორპორაციის ბოსი, რომელიც ძალაუფლებას ადამიანების ექსპლუატირებითა და იდეოლოგიზირებით იმყარებს. იგივე შეიძლება ითქვას შეშლილი მაქსის რევოლუციური დაჯგუფების გამარჯვებაზე – რა არის კაპიტალისტური უტოპია თუ არა მონოპოლიისა და ტირანიისაგან განთავისუფლებული რესურსების საქონლის სახით მიმოქცევა? იქნებ სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ რა მოხდა განთავისუფლების შემდეგ? ამასთანავე ფილმში არ გვხვდება დაბალი კლასების ორგანიზების არანაირი ფორმა – საბოლოო ბრძოლა უფრო მეტად ორ ელიტას შორის დაპირისპირებას მოგვაგონებს. არავინ იცის როგორი იქნება შემდეგი წესრიგი. იქნებ საქმე სულაც ქველმოქმედ კაპიტალიზმთან გვქონდეს?
5emb69T

იდეოლოგიის კრიტიკის კიდევ ერთი ხაზი რეპრესიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გადის. ყველაფერი კარგად არის მანამ, სანამ არსებობს დაბრკოლება, რომელიც სიყვარულს ან თავისუფლებას შეუძლებელს ხდის. მთავარი ამ დაბრკოლების მოხსნის შემდეგ იწყება. აისბერგის გარეშე ტიტანიკი შეყვარებული წყვილის ნიუ-იორკში გაგრძელებული ცხოვრების, ანუ სექსის, მოწყენილობის და ცრემლების, პორნოგრაფიული ისტორია იქნებოდა. მაქსთან ერთად სწორედ პატრიარქალური ციტადელია ის მთავარი ფიგურა, რომლის დაცემის შემდეგაც სიუჟეტი ინტერესს კარგავს რეჟისორის კამერისთვის, რადგან სწორედ აქ მთავრდება რეპრესიასთან ბრძოლის ჰოლივუდური ზეიმი და იწყება ყოველდღიურობის რუტინა. რევოლუციის მეორე დილის სიუჟეტი ფილმს იდეოლოგიის ცარიელი კონტეინერის ბრწყინვალედ შეკრულ ფორმას დაუკარგავდა.
mad-max-fury-road-set-design-008
თუმცა იდეოლოგიის ამ მარტივი წაკითხვით მაქსის თავიდან მოშორება არ გამოვა, რადგან სწორედ მაქსია ის ვინც რევოლუციას კამერასთან ერთად ტოვებს. რა უნდა ჩვენგან მაქსს, რომლის ორაზროვანი მზერითაც მთავრდება ფილმი? სად გვეპატიჟება? უნდა გავყვეთ თუ არა დიდი იდეების მიმართ გამოცხადებული უნდობლობის პოსტმოდერნულ ბილიკებზე, რომლებსაც მისი მომთაბარისეული აქტი ხსნის?
giphy


მაქსის დრო

მაქსი მომთაბარეა. სახელმწიფო აპარატისგან, ან პატრიარქალური ციტადელისგან განსხვავებით, რომლის შიგნით ცხოვრება შეიძლება ჭადრაკის დაფაზე თამაშს შევადაროთ, სადაც იერარქიულად განლაგებული ფიგურები და მათი მოქმედების წესები არსებობს, (უფლებები, სასამართლო, პოლიცია, და ა.შ.) ნომადი გლუვ სივრცეზე გადაადგილდება, რომელზეც არ არსებობს წინასწარ დახაზული ტრაექტორიები და თამაშის განსაზღვრული ლოგიკა, მისი ტრაექტორიის ხაზები უსასრულოდ იკვეთება, ის წერტილიდან წერტილამდე მოძრაობს, სვამს წყალს, ასხამს ბენზინს საკუთარ მანქანაში და იბრძვის – ნომადი ომის მანქანაა. რევოლუციონერისგან განსხვავებით, რომელიც არსებული წესრიგის გადატრიალებას და ახალი სამყაროს შექმნას ცდილობს, მომთაბარე არ ჩერდება, მისი სტრატეგია უსასრულო წინააღმდეგობაა. მაქსის ნომადიზმი უიმედობამ განაპირობა. ის ყოფილი პოლიციელია, გზის მებრძოლი, რომელიც წესრიგისა და სამართლიანობისათვის იბრძოდა, ხოლო საბოლოოდ ყველანაირი იმედი დაკარგა და მისი მოქმედების სტრატეგია დაუსრულებელი გაქცევით განისაზღვრა.

მაქსი გარბის და იბრძვის, სამყაროში რომლის დროის მდინარებას საუკეთესოდ ბრმა გიტარისტისა და მისი ორკესტრის მძიმე როკი გამოხატავენ. ფილმის განმავლობაში მაქსი არ უპირისპირდება დროის იმ ლოგიკას, რომელსაც მას მისი მტრები, ანუ მთელი პატრიარქალური სამყარო თავაზობს, რიტმში ყოფნა გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, მაქსი ამ სამყაროს ნაწილია. მხოლოდ დასასრულში დგება მომენტი, რომლის დროსაც პერსონაჟი ღალატობს საკუთარ სტრატეგიას და რევოლუციის მიმართ მიკუთვნებულობის საბოლოო უარყოფის მიუხედავად, სხვის ბრძოლაში ერთვება.

იმედი აუცილებლად შეგშლის – ეუბნება მაქსი ფურიოსას, თუმცა ციტადელში დაბრუნებისას მისი მოქმედება სხვებისა და მათი იმედების სახელით ხორციელდება. მაქსი არ აძლევს საკუთარ თავს იმედის დაჯერების და შეშლის ფუფუნებას, მაგრამ ქმედების მიზეზს გარე სამყაროსა და სხვა ადამიანებში პოულობს.

იმედი და ფემინიზმი

შეშლილი მაქსის ერთერთი მთავარი კონსულტანტი „ვაგინა მონოლოგების“ ავტორი, ევა ენსლერია. ფილმის რეჯისორმა, ჯორჯ მილერმა, ქალი გმირების ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და მათი კაცებთან მიმართებების განსაზღვრა დიდწილად სწორედ მას მიანდო. იმ დამსახურების პარალელურად, რომელიც ენსლერს ფემინისტურ აქტივიზმში მიუძღვის, მისი პიესა მარქსისტი ფემინისტების კრიტიკის ობიექტად იქცა, რომლებიც მას ბრალს „ქალის ბუნების“ სექსისტური კონცეპტის გამოყენებასა და კოლონიალიზმში სდებდნენ, რაც დასავლეთში მყოფი, საშუალო კლასის წარმომადგენელი ქალების და მათი ცხოვრების სტილის აღმატებულობის დემონსტრირებაში მდგომარეობს. სავარაუდოდ იმორტან ჯოს მოდელ გოგოებსაც იგივე პრობლემა აქვთ. ვერც მაქსის ცოლენი და ვერც ვაგინა მონოლოგების ქალები ვერ ახერხებენ სხეულის, სექსუალობისა და გენდერული ძალადობის პოლიტიზირებას, მათი საჯარო სივრცეში გამოტანისას.
The Vagina Monologues

დენი დიდროს პირველი ანონიმურად გამოქვეყნებული ნოველა „მოურიდებელი მარგალიტები“ გვიყვება ამბავს ლუი მეთხუთმეტეს პროტოტიპ სულთან მანგოგულის შესახებ. მანგოგული ჯადოსნური მარგალიტის მფლობელია, რომლის დახმარებითაც ვაგინის ალაპარაკება და ქალების სექსუალური ცხოვრებისა და განცდების შესახებ ჭეშმარიტების გაგება შეუძლია. რა არის პატრიარქალური ოცნება, თუ არა ქალის სრული გამჭირვალეობა, პასუხი კითხვაზე რომელიც პატრიარქატს სიმშვიდეს აკარგვინებს – „რა სურთ ქალებს?“
423731623
ამგვარად ასაუბრებული ვაგინა, რომელიც მამის, ფსიქოანალიტიკოსის, ქმრის წინაშე სიმართლეს ყვება, აწარმოებს ჭეშმარიტებას საკუთარი თავის შესახებ. ამგვარი მონოლოგი უსასრულო საუბარს და საკუთარი განცდების სააშკარაოზე გამოტანას მოითხოვს. სექსუალური რეპრესიისგან განთავისუფლების მოძრაობას მხედველობიდან გამორჩება, რომ რეპრესიის უკან დამალული ნამდვილი განცდები, თავისუფალი მონოლოგი, თავისუფალი სექსუალობა, სახლი რომელიც კაცობრიობამ პატრიარქატში დაკარგა არ არსებობს, უფრო ზუსტად – დაკარგულის დაბრუნების ამგვარი ოცნება და თვითონ ამ ოცნების შინაარსი პატრიარქატის შიგნით, მისსავე დომინაციაში არის სტრუქტურირებული. არ არსებობს პირველადი თავისუფლების სივრცე, რომელიც პატრიარქატმა დაამახინჯა; არ არსებობს ქალის არსი, რომელიც პატრიარქატისგან უნდა განთავისუფლდეს; „ქალის ბუნება“ სექსისტური კონცეპტია, რომელიც პატრიარქალური სისტემის შიგნით არის შექმნილი. ძალაუფლება და იდეოლოგია ზედაპირია, რომელსაც არა მის უკან დამალული ჭეშმარიტების სახელით, არამედ ამგვარი ჭეშმარიტების არ არსებობის გაცნობიერებით უნდა ვებრძოლოთ.

ვაგინაზე დადებული სისპეტაკის სარტყლები, რომლებისგანაც ქალი პერსონაჟები თავისუფლდებიან, აკრძალვის სტრატეგიით მოქმედი მოძველებული ძალაუფლების სიმბოლოა, რომლის ნაცვლადაც განვითარებული პატრიარქატი წახალისებას იყენებს. ამის აღსაქმელად პორნოინდუსტრიისთვის თვალის გადავლება, ან სულაც MTV-ის ნებისმიერი ჩარტის ტოპ 10-ის ნახვაა საკმარისი: არავინ არეპრესირებს საშა გრეის, ლეიდი გაგას, ჯესი ჯეის, რიანას და ბრიტნი სპირსის სექსუალობას, თუმცა მათი სხეულები პატრიარქალური სისტემის შიგნით, უკვე ჭარბი წარმოების და არა სიძუნწისა და თავის შეკავების ლოგიკის მიხედვით არიან ჩაწერილი.
3.-Mad-Max-Chasteté

რა კავშირშია ეს ყველაფერი შეშლილ მაქსთან? პირველი – მებრძოლი ხასიათის მიუხედავად, მაქსის სიუჟეტში წარმოჩენილი ქალები ბუნებასთან ახლოს მყოფ არსებებად და პატრიარქატთან საკუთარი სქესის გამო იმთავითვე დაპირისპირებული გმირები არიან. ფილმის ესენციალისტურ ფორმას არც მწვანე სახლის დაკარგვის აღმოჩენა არღვევს. მეორე – პატრიარქალური სისტემა ერთიან პირამიდად არის წარმოჩენილი, რომლის თავზეც რეპრესიული მამის ხატია განთავსებული. პატრიარქატის ამგვარად წარმოჩენა საგრძნობლად ამარტივებს საქმეს და რევოლუციური იმედის არსებობას. სინამდვილეში არც პატრიარქატი და არც კაპიტალიზმი არ წარმოადგენენ ვერტიკალურ სისტემებს. ორივე მათგანს ქსელური ლოგიკა აქვს, სადაც ძალაუფლებრივი ურთიერთობები არა მხოლოდ არეპრესირებენ და კრძალავენ, არამედ აწარმოებენ სასურველი ტიპის ქცევას, იდეოლოგიურ ცნობიერებას, წარმოდგენებს ქალისა და კაცის ბუნებაზე და ადამიანს გაცვლისა და კონკურენციის ლოგიკას უქვემებარებენ. კითხვა რომელსაც შეშლილი მაქსი გაურბის ასე ჟღერს: რა უნდა გააკეთოს რევოლუციურმა სუბიექტმა სამყაროში სადაც ძალაუფლების ცენტრი არ არსებობს და როგორ შევინარჩუნოთ იმედი ასეთ სამყაროში? სწორედ ამგვარი ცენტრის არსებობაა ის რაც ფილმის რევოლუციას შესაძლებელს ხდის. მესამე – რეპრესიისგან განთავისუფლების აუცილებლობასთან ერთად, ყოველთვის უნდა დაისვას კითხვა, – არის თუ არა მისი მოხსნა საკმარისი?; კიდევ რა უნდა გავაკეთოთ, რომ სისტემამ და გენდერულმა როლებმა, ცვლილება განიცადონ?; რა მოხდება რეპრესიული სისტემის დამარცხების შემდეგ?; თითქოს მაქსის საბოლოო ჟესტი ამ კითხვების ცოდნაზე მიანიშნებს, მან იცის რომ არაფერი დამთავრებულა, თუმცა პროცესის გაგრძელების ეშინია. მაქსი არც ისე შეშლილია.

იმედი და მარქსი

არსებობენ აქტივისტები და რევოლუციონერები, რომლებიც კარის მტვრევაში არიან დაოსტატებულები. მაგრამ რას აკეთებენ ასეთი ადამიანები, როდესაც სისტემა კარს ღიას ტოვებს, შიგნით შესულს კი გპასუხობს, რომ ყველა შენს მოთხოვნას შეასრულებენ, ან მათი შესრულება შეუძლებელია, ან რომც შეგისრულონ არაფერი შეიცვლება. ეს შანტაჟისტური და თვალთმაქცური შემოთავაზებაა. მარქსი ასე დატოვებული კარის პრობლემაზე ფიქრობდა, ხოლო შეშლილი მაქსის რევოლუციური პათოსი გარეთ გაბუტული რჩება და კარის დაკეტვას ითხოვს, რათა შემტვრევა მოახერხოს. ერთი სიტყვით, ფილმის სიუჟეტი არა მხოლოდ რევოლუციის ტრაექტორიას, არამედ მოწინააღმდეგის მოქმედების ლოგიკასაც განსაზღვრავს, უარყოფს მტრის თვალთმაქცობას და დაკეტილი კარის მიღმა ტოვებს. ფილმში გამოყენებული მეტაფორები, არა უბრალოდ აღნიშნავენ ძალაუფლების იმ სტრუქტურას, რომელიც პატრიარქალურ კაპიტალიზმშია მოცემული არამედ გამარტივებულ კარიკატურულ სახეს აძლევენ.

უტოპიის გარეშე დარჩენილი სამყარო მირაჟებით სავსე უდაბნოა. რა შეიძლება იყოს ღიად დატოვებულ კარზე დეპრესიული და მოსაწყენი, კარზე რომელსაც ისტორიის უწესრიგო ნიავი აქეთ იქეთ აქანავებს? გართობა თუ გინდა ხანდახან მისი დაკეტვა და თავიდან შემტვრევაც კი ჯობია. გამოხატე შენი თავისუფალი აზრი, ხმა მიეცი არჩევნებზე და დაკავდი სექსით სადაც გინდა და როგორც გინდა – გეუბნებიან ისინი. ძალაუფლება სხვაგან არის დამალული – გეუბნება მარქსი – და რამდენიც არ უნდა იყბედო და იტყნაურო მას ვერაფერს მოუხერხებ. რა მოითხოვს უფრო მეტ შრომას ვიდრე თავისუფლების შესაძლებლობის შექმნა ამგვარ სამყაროში, ჰორიზონტის შენარჩუნება, რომლისკენაც წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანები იხედებიან?

პირველი მოაზროვნე, რომელმაც ძალაუფლების დეცენტრალიზების მდგომარეობაში ამგვარი ჰორიზონტის შექმნა მოახერხა, მარქსი იყო. ეკონომიკის გამოკვლევა და ის კონტრიბუცია, რომელიც მან ფილოსოფიაში გააკეთა, მონარქის გარეშე დარჩენილი სამყაროს ძალაუფლების გააზრებასა და კრიტიკას ეთმობოდა. როგორ უნდა ვიბრძოლოთ, თუ არ არსებობს მონარქი, მამა, ძალაუფლების ცენტრი, რომლის გადაბრუნების შემთხვევაშიც ახალ სამყაროს მივიღებთ, ან როგორი უნდა იყოს ეს ახალი სამყარო?
vlcsnap-2015-11-18-21h21m04s350

მარქსს არ სჭირდებოდა დაკეტილი კარის, პატრიარქალური ციტადელის, ყოვლისშემძე მამისა და ბუნებასთან დაბრუნების იმედები. უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ის ამ იმედების გარეშე ცდილობდა წინააღმდეგობის ახალი ჰორიზონტის კონსტრუირებას. სწორედ მარქსმა მოახერხა თეორიული წყვეტა და შექმნა ახალი განზომილებები კრიტიკული აზროვნებისა და წინააღმდეგობისათვის. რეპრესიაზე კონცენტრირებული კრიტიკა, ყოველთვის თავისუფალი ნების და სუბიექტური განთავისუფლების ხაფანგებში გვაგდებს და უარს გვათქმევინებს საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნის იდეაზე. სავარაუდოდ მარქსი იყო ის ვინც პირველმა უთხრა ადამიანებს, რომ მათი სხეული მათ არ ეკუთვნით და ამის მიზეზი, არა ბრძოლის სურვილის არ არსებობა, არამედ სამყაროს ვერ გაგებაა, რომელიც სრულიად სხვა ლოგიკით მოქმედებს. ფილმის სიუჟეტი ამგვარი ვერგაგების თბილ საშოში თამაშდება. მისი იმედები მომაჯადოებელი და მატყუარაა. რეჟისორი მაქსის პერსონაჟის სახით ცდილობს მიგვახვედროს, რომ ყველაფერი იცის და ეს რევოლუცია არასაკმარისია. მაქსი გაქცევას ამჯობინებს, რადგან, როგორც თვითონ იტყოდ,ა იმედს აზრი არ აქვს, მას მხოლოდ ჩვენი შეშლა შეუძლია, ხოლო მარქსმა მთელი ძალისხმევა ამგვარად შეშლილი იმედის შენარჩუნებას მოახმარა.
madmax16_2988778k

შეშლილი მაქსი ლამაზი, მაგრამ ცოტა არ იყოს კონსერვატიული ფილმია, რადგან იმედს იქ ეძებს სადაც ის უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. ებრძვის ისეთ ძალაუფლებას რომელიც ასევე დიდი ხანია აღარ არსებობს, ხოლო ახლის შექმნაზე უარს ამბობს. შეშლილი მაქსი ამბოხის ლამაზი კარნავალია, ხოლო რევოლუციური შეშლილობა ისევ მაქსის ბოლოს და მარქსის დასაწყისში იწყება – საზოგადოების გარდაქმნის იმედში და იმ არანორმალურ ინტელექტუალურ ძალისხმევაში, რომელიც ამგვარი იმედის კონსტრუირებას ჭირდება. კარგია ეს თუ ცუდი, უტოპიის გარეშე დარჩენილ სამყაროსთან შეგუება კიდევ დიდხანს მოგვიწევს.


(Visited 329 times, 1 visits today)

გიორგი ღვინჯილია