Mr. Robot – ჯანყი მომავლის გარეშე

robot1

უეჭველია, პოპ-კულტურული ანტი-კაპიტალიზმი თანამედროვე სამყაროში კარგად იყიდება. ერთნი – ამ მარკეტინგული წარმატებით გაღიზიანებულნი – თავად მასობრივი კულტურის ნაწარმს უტევენ. მეორენი კიდევ უფრო შორს მიდიან – ყურადღებას თავად ამ ნაწარმის წარმოების პირობებზე ამახვილებენ და პოპ-კულტურის აღზევებასა და ჩვენს რუტინაში მისი პროდუქტების ყოველდღიურ დასწრებულობას აკრიტიკებენ. მაგრამ ამ პოზიციებს ხშირად ისეთი დეტალები გამორჩებათ ხოლმე, რომლებიც, თავად პოპ-კულტურას დასახავდა წინააღმდეგობის, წყვეტებისა და დაძაბულობების სივრცედ, სადაც ანტი-კაპიტალისტურ ჟესტთა სიმრავლეში სუბვერსიულსა და კონფორმულს, წარმატებულსა და წარუმატებელს, ღირებულსა და არაღირებულს გავარჩევდით.

robot2
“მისტერ რობოტის” ყურება თავდაპირველად პესიმისტური წინასწარდაშვების ფონზე დავიწყე, წინასწარდაშვებისა, რომელიც ყოველ ახალ ეპიზოდში ფინანსური High-Tech კაპიტალიზმის გამარტივებული, ერთგანზომილებიანი კრიტიკის მაგალითებს ეძებდა და მისი უბრალო მხილებით კმაყოფილდებოდა. პირველმა ეპიზოდმა ეს დაშვება კიდევ უფრო გაამყარა – ის ხომ ამერიკული სამომხმარებლო კულტურისა და ფინანსური ელიტის, “ტოპ 1 პროცენტის ტოპ 1 პროცენტის”, მორალისტური გმობით იწყება. გამაღიზიანა სერიალის პროტაგონისტის, ელიოტ ალდერსონის ფიგურამაც, რომელსაც სოციალური შფოთვის სინდრომი ტანჯავს და მუდმივი დაუცველობისა და არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ნარკოტიკს მოიხმარს. მოკლედ, გამაღიზიანა სერიალში ნამდვილად არსებულმა ტენდენციამ რომელიც ამერიკული კაპიტალიზმის კრიტიკას აჯანყებული ინტროვერტისა და აბსტრაქტული “საზოგადოების” ოპოზიციაში კეტავს.

მაგრამ, ამ გაღიზიანებათა საპირისპიროდ, დამატყვევა ალდერსონის გაფითრებულმა მზერამ, გაშეშებულმა, უემოციო თვალებმა, რომელიც პერსონაჟს მოუხელთებელ ქარიზმას სძენდა; დამატყვევა მისმა მონოტონურმა თხრობამ, რომელიც სოციალურ ინტერაქციასა და “შინაგან მონოლოგს” შორის მოკლე ჩართვას ქმნიდა; დამატყვევა მისმა ორმაგმა ცხოვრებამ – დღისით “AllSafe”-ში პროგრამისტად მუშაობამ და ღამით ჰაკერულმა შრომამ. მოულოდნელად შევნიშნე, რომ ელიოტის ცხოვრება შრომასა და დასვენებას შორის არ ნაწილდებოდა და თავად ამ დანაწილების სხეულებრივ კრიტიკას გვთავაზობდა. საინტერესოდ მომეჩვენა სერიალის მცდელობა, მეამბოხე ჰაკერის კრეატიული ენერგია რუტინული შრომისგან გამოქცეულ “თავისუფალ დროში” კი არა, “ღამის ცვლაში” გადაესროლა.

სამომხმარებლო საზოგადოების გვიან-კაპიტალისტური ლოგიკის კრიტიკისას ხანდახან იმასაც აღნიშნავენ, რომ ექსპლუატაციის სფერო ტრადიციულ სამუშაო დროის ფარგლებს სცდება და – ჩვენი მომხმარებლური წარმოსახვითის გაღიზიანებით – თავისუფალ დროსაც იპყრობს (იფიქრე შოპინგ-მოლებზე, გასართობ ცენტრებზე, ტელევიზიაზე, Iphone-ზე და – რატომაც არა – HBO-სა თუ Netflix-ის სერიალებზე, რომელთაც ეპიზოდიდან ეპიზოდამდე მოუთმენლად ველით). თავისუფალი დროის სტანდარტიზაცია, ჩვენი კრეატიული შრომის ჰორიზონტის მომხმარებლური თვალსაწიერით შემოსაზღვრა, ეფექტურად ეწერება პოსტ-მოდერნული კაპიტალიზმის კულტურულ ლოგიკაში, რომელიც სამუშაო და დასასვენებელი დროის ერთმანეთში რეგლამენტირებულად გადასვლას გულისხმობს. ამიტომ გულუბრყვილო და ცალმხრივი შეფასება იქნებოდა, წვეულებებზე სიარულის, “პარასკევის საღამოს” ამ რეკრეაციული კონსუმერიზმის, უარყოფა მხოლოდ ელიოტ ალდერსონის სოციალური შფოთვის სინდრომით აგვეხსნა. უმჯობესი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ალდერსონის არასამუშაო საათები მისი შრომის საათებია, საათები, რომლის განმავლობაშიც იგი სხვისთვის შესრულებული სამუშაოსგან ისვენებს, იმისათვის, რომ იშრომოს თავისთვის.

robot3
სერიალის ყურების შემდეგ დავინტერესდი, რას წერდნენ მის შესახებ. რეცენზიათა და კომენტართა უმეტესობა ინტერნეტის ეპოქაში პირადი უსაფრთხოების სიმყიფეზე აპელირებდა. ამ მოსაზრების მიხედვით, სერიალი ამერიკული სახელმწიფოს მასობრივ ზედამხედველობით პოლიტიკას აკრიტიკებდა და ციფრული უსაფრთხოების სერიოზულად აღქმისკენ მოგვიწოდებდა. კომენტატორები ალდერსონის პერსონაჟს ედვარდ სნოუდენისა და ჟულიან ასანჟის ფიგურებს, ე,წ.” განგაშის ამტეხებს” (whistleblowers) ადარებდნენ. ამ სკანდალურმა ფიგურებმა თავის დროზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა გასაიდუმლოებული შეთანხმებები, კრიმინალური გარიგებები თუ ზედამხედველობითი პრაქტიკები გამოააშკარავეს. ეს პარალელი ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან, ალდერსონის გმირი მართლაც ამხელს სერიალში ბანალურად სახელდებული “Evil Corporation”-ის კრიმინალურ წარსულს. მაგრამ “მისტერ რობოტი” გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე მასობრივი ზედამხედველობის პარანოია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ინტერნეტ-მომხმარებლის პირად უსაფრთხოებაზე წუწუნით შემოიფარგლება. მისი მიზანია აჩვენოს თანამედროვე კაპიტალიზმის ციფრული ოპოზიცია, რომელიც თავისი წინააღმდეგობებითა და ჩავარდნებით ხასიათდება.

robot4

წარუმატებელი ანტი-კაპიტალისტური აჯანყებები, რევოლუციები, შეთქმულებები თუ ტერაქტები ვინ მოსთვალოს. შორს რომ არ წავიდეთ, ჰაკტივისტთა კოლექტივ “Anonymous”-ის აქტივობები ციფრული ანტი-კაპიტალიზმის პარადიგმატულ სურათს ხატავენ. გასართობ საიტ 4chan.org ზე ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა დეცენტრალიზებული, ანონიმური, ქსელური “ტვინი” შექმნა და, სხვადასხვა დროს, რელიგიურ ორგანიზაციებზე, კორპორაციებსა და სახელმწიფოებზე განახორციელა იერიშები. ეს იერიშები ძირითადად იუმორისტულ ხასიათს ატარებდნენ – კოლექტივი ჯერაც არ დაღლილა იმის განმარტებით, რომ “ჩვენ ამას ხარხარისთვის ვაკეთებთ” (“We are doing it for lulz”). უკანასკნელი იერიში, რომელიც Anonymous-მა ISIS-ზე მიიტანა, კურიოზული გამოხმაურებით დასრულდა. “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტებისა თუ ინდივიდუალური ტვიტერ-ექაუნთების დახურვის შემდგომ ISIS-მა საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, სადაც კოლექტივს იდიოტებად მოიხსენიებდა. არ ვიცი, “ხარხარისთვის” გაავრცელა ეს განცხადება ISIS-მა თუ არა, მაგრამ, მახსოვს, მე სიცილი ვერ შევიკავე. იმის თქმა მსურს, რომ ინტერნეტ-ხულიგნობით დაკავებული ციფრული ანტი-კაპიტალიზმი ხშირად რისკავს, თავად წარმოჩინდეს სასაცილოდ. დონ დელილოს 2003 წლის რომანი “კოსმოპოლისი” და მისი დევიდ კრონენბერგისეული კინოადაპტაცია მსგავსი ანტი-კაპიტალისტური ჯანყის უსუსურობას სწორედ ამ ხერხით აჩვენებს: ბრონირებულ ლიმუზინში – ამ მოძრავ ციფრულ კაპიტალში – უკანა სავარძელზე მოკალათებული პროტაგონისტი ქუჩაში გამოსულ ანარქისტებს ყურადღებასაც კი არ აქცევს. ისინი მანქანას კვერცხებს უშენენ, საღებავებით თხუპნიან და ზედ ახტებიან. ლიმუზინი კი აუღელვებლად განაგრძობს მოძრაობას სილამაზის სალონისკენ, სადაც მთავარმა გმირმა თმა უნდა შეიჭრას. დელილოს რომანისა და კრონენბერგის ფილმის შემთხვევაში ანტი-კაპიტალისტურ გამოწვევას ძალაუფლების ცენტრი იღებს და ტრიუმფალური სვლით აჩვენებს მის იმპოტენციას. “კოსმოპოლისისგან” განსხვავებით “მისტერ რობოტში” ელიოტი და კომპანია დგება გამოწვევის პირისპირ, გამოწვევისა, რომელიც კორპორატიული გავლენების სფეროდან მოდის. რაც მთავარია, სერიალი ამ ძალაუფლებას მთელი სერიოზულობით ეკიდება. ალდერსონი მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს “Fsociety”-ის ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს EvilCorp-ის დამარცხებისკენ. პროტაგონისტის ეს სკეპტიკური დისტანცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც სერიალმა მიმიზიდა.

robot5
ალბათ არავინ შემომედავება, თუ ვიტყვი, რომ “მისტერ რობოტი”, უპირველეს ყოვლისა, დევიდ ფინჩერის 1999 წელს გადაღებულ საკულტო ფილმს, “მებრძოლთა კლუბს”, ელაპარაკება. ამ უკანასკნელში ინსომნიით დაავადებული, გაორებული ტაილერ დერდენი მებრძოლთა ქსელს ქმნის, რომელსაც, “მისტერ რობოტის” გაცილებით მცირერიცხოვანი კოლექტივის მსგავსად, ტოტალურად გავალიანებული ამერიკული საზოგადოების კორპორატიული ძალაუფლებისგან გათავისუფლება ევალება. მაგრამ დერდენის ქსელი მკაცრად დისციპლინირებული, უშუალო, სხეულებრივი შეტაკებისთვის მზადყოფნაში მოყვანილი ათასებისა და ათიათასებისგან შედგება და, რაც მთავარია, ის ფიზიკური ქსელია, რომლის კომუნიკაციური მოდელის ანალოგი ფოსტა უფრო იქნებოდა, ვიდრე ვირტუალური სივრცე. სათამაშო ავტომატების მოძველებულ შენობაში შეკეტილი “მისტერ-რობოტის” ჰაკერთა კოლექტივი კი ციფრული კაპიტალის “კოდის გატეხვას” ლამობს და ნაივურად სწამს, რომ მასობივი საერთაშორისო ანტი-კაპიტალისტური აჯანყება, ყოველგვარი პოლიტიკური ორგანიზების გარეშე, ავტომატურად დაიძრება. მართალია ანტი-კაპიტალისტური წინააღმდეგობის ჩამოყალიბებაში ორგანიზებისა და დისციპლინის კომპონენტთა აუცილებლობაზე ხაზგასმით “მებრძოლთა კლუბი” გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე “მისტერ რობოტი”, მაგრამ ფილმის ცალსახა ოპტიმიზმი მის წინააღმდეგობრივ ჟესტს უკან, ნაივურ რწმენათა რიგებში გადაისვრის: “მებრძოლთა კლუბის” ფინალურ სცენაში, სადაც ხელჩაკიდებული შეყვარებული წყვილის თვალწინ გადაშლილი კორპორატიული სამყაროს ფიზიკურ დესტრუქციას ვუმზერთ, ამ სამყაროს ნგრევით გამოწვეული აღფრთოვანება, წარმატების ექსტაზი იკითხება. თითქოს უმნიშვნელოა, რა მოხდება მეორე დილით, როდესაც კრიზისის გამანადგურებელი შედეგები ყველასთვის საგრძნობი და ხელშესახები გახდება; თითქოს შენობის ნანგრევებისგან ქუჩების გაწმენდაში მონაწილეობა უარეს შემთხვევაში არც უნდა მივიღოთ, უკეთესში კი – “გაწმენდით სამუშაოებში” ჩართვა ნებაყოფლობითია.

robot6

“მისტერ რობოტი” აქ გაცილებით უფრო ფრთხილ სვლას აკეთებს. პირველი სეზონის ფინალურ ეპიზოდში ელიოტი ქუჩაში გამოსულ ათიათასებს შორის ხვდება და თითქოსდა შემდგარი რევოლუციის ფერხულში თავს სულაც არ გრძნობს კომფორტულად. მარტო დარჩენილი გმირი შენობაზე გამოკიდებული ეკრანის წინაშე აღმოჩნდება, საიდანაც თავისი ოჯახის იდილიურ პორტრეტს უყურებს. ეკრანიდან მამა, მისტერ რობოტი, ლაპარაკობს: “დღეიდან, მას შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ, სამყარო უკეთესი ადგილია… ახლა მე გეტყვი, რას იზამ: ჩახვალ მეტროში, მატარებელს დააჯდები, შენს გაჩერებაზე ჩამოხვალ, სახლში შეხვალ, დაჯდები და კომპიუტერთან დატკბები იმით, რაც ერთად შევქმენით”.

robot7

სერიალი სრულ თავისუფლებას გვაძლევს, თბილად მოვკალათდეთ კომპიუტერებთან და დავტკბეთ ჯანყის კარნავალური აურზაურით. მეტიც, ის აჩვენებს, რომ ეს ტკბობა ძალაუფლების ცენტრების მიერვეა სანქცირებული – ტიტრების შემდეგ ვუყურებთ სცენას, სადაც EvilCorp-ის ხელმძღვანელი და “თეთრი ვარდი” (რომელსაც მთელი პირველი სეზონის განმავლობაში ჩინური ჰაკერული კოლექტივის ლიდერად ვიცნობდით) შამპანურს სვამენ და მშვიდად საუბრობენ. კორპორაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ იცის, ვინ მიიტანა იერიში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფინანსურ კონგლომერატზე, თუმცა “თეთრი ვარდის” ნერონზე ალუზიის შემდეგ მაყურებელი იბნევა –  ვერ ხვდება, რამდენად დამაჯერებელია ეს თავდაჯერებულობა. ეჭვი მაქვს, EvilCorp-ის ხელმძღვანელის თავდაჯერებულობა ელიოტის ეჭვებს ემთხვევა – იქნებ ეს იერიში კორპორატიული მობილობის ვერტიკალიდან ჩამოგდებული პროგრამისტის, ტაირელ უელიკის ორგანიზებულია? “მისტერ რობოტი” აჩვენებს, რომ High-Tech ციფრული სამყარო მხოლოდ ანტი-კაპიტალისტებით არ არის დასახლებული. მეტიც, ფინანსური კაპიტალის ძალაუფლების ცენტრებში გაცილებით მეტი იციან მათზე, ვინც მათ წინააღმდეგ აწყობს შეთქმულებას.

robot8

მსგავსად “მებრძოლთა კლუბისა”, “მისტერ რობოტი” სიმპტომატურად ავლენს თანამედროვე ანტი-კაპიტალიზმის ფუნდამენტურ პრობლემას – ნებისმიერი პოზიტიური მომავლის წარმოსახვის შეუძლებლობას. ანტი-კაპიტალისტური სენტიმენტის საბოლოო ჰორიზონტად კვლავ “სისტემის გაფუჭება”, დემონტაჟი და დესტრუქცია რჩება. მაგრამ, კრიზისული სიტუაციის შექმნა, უსამართლო წესრიგის ჩამოშლა, მისი პოზიტიური, თუნდაც უტოპიური ალტერნატივის შემუშავების პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. სამწუხაროდ, კვლავ ვუბრუნდებით ამერიკელი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, ფრედრიკ ჯეიმსონის, დიდი ხნის წინ დასმულ პესიმისტურ დიაგნოზს, რომლის მიხედვითაც სამომხმარებლო საზოგადოებაში სამყაროს აღსასრულის წარმოსახვა უფრო ადვილია, ვიდრე კაპიტალიზმისა. ამ დიაგნოზის ჭეშმარიტებას სერიალის უკანასკნელი ეპიზოდის ერთ-ერთი საკვანძო სცენაც ადასტურებს, სადაც FSociety “სამყაროს აღსასრულის წვეულებას” მართავს, იმაზე ყოველგვარი ზრუნვის გარეშე თუ რა წარმოიქმნება ხვალ.

ვისურვებდი, მომდევნო სეზონებში სერიალის შემქმნელებს რევოლუციური აღტკინების მომდევნო დღეზეც ეფიქრათ, იმ დღეზე, როცა კრიზისის დაძლევაზე – ან მისი გაურკვეველი ვადით გადადებაზე – ფინანსური კაპიტალის ეპიცენტრში გაფაციცებით ამუშავდებიან, სამყაროს აღსასრულის წვეულებაზე შეკრებილ საზოგადოებას კი არასასიამოვნო ნაბახუსევთან გამკლავება მოუწევს.

(Visited 334 times, 1 visits today)

სოსო ჭაუჭიძე